„რეზონანსი" - ბიტკოინის გამომუშავებიდან მოგება დღეში 20 ლარია

ფასის ვარდნის გამო კრიპტოვალუტის გამომუშავება აზრს კარგავს.მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი 6000 დოლარამდე ჩამოვარდა, მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ შეიმჩნევა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რაც შეეხება „ეთერიუმსა" და „რიპლის", მათი ღირებულება უკვე იმდენად დაეცა, რომ მათ გამომუშავებას უკვე აზრიც აღარ აქვს. როგორც აღმოჩნდა, ერთი „ფერმის" მოგება დღეში, საშუალოდ, 15-20 ლარის ფარგლებშია. ხარჯს ელექტროენერგიის მოხმარების სიდიდე განსაზღვრავს, რაც ყველა „ფერმისთვის" ინდივიდუალურია.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბიტკოინის მოპოვების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და 1 ერთეული ბიტკოინის „ხელში ჩაგდებას", საშუალოდ, 1-1,5 თვე სჭირდება, ესეც იმ შემთხვევაში, როცა ამ პროცესში დაახლოებით 120-დან 200-მდე კომპიუტერია ჩართული.

გაიაფების გამო კრიპტოვალუტის წარმოების პროცესი მწარმოებლების ნაწილმა უკვე შეაჩერა. მართალია, მსგავს გადაწყვეტილებებზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, თუმცა პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი" ერთ-ერთი პირველია, სადაც განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება შეწყვიტეს.

ხარჯთან დაკავშირებით ისინიც საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გამომუშავებული კრიპტოვალუტის რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ „გირჩმა" „მაინინგი" შეაჩერა.

როგორც მათი წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, გადაჭრით თქმა, რამდენი სჭირდება ერთი ბიტკოინის გამომუშავებას, შეუძლებელია, რადგან კომპიუტერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული და სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია.

„კრიპტოვალუტის მოპოვების ხარჯი დამოკიდებულია მოხმარებული ელექტროენერგიის სიდიდეზე. „გირჩისთვის" ბოლო პერიოდში ეს პროცესი მომგებიანი არ იყო. თვეების განმავლობაში პარტიამ სულ რამდენიმე ასეული ლარის შემოსავალი მიიღო. დროთა განმავლობაში კი იმდენად მცირე იყო გამომუშავებული კრიპტოვალუტა და იმდენად წუხდებოდნენ ჩვენი მხარდამჭერები იმით, რომ მათი კომპიუტერები ნელდებოდა, ფინანსურად არ გვიღირდა ჩვენი მხარდამჭერების შეწუხება. ამიტომ, უკვე კარგი ხანია, ჩახსნილია ეს ლინკი. კრიპტოვალუტების გამომუშავებიდან შემოსავალი პარტიას ჰქონდა ძალიან მცირე", - ამბობს მეგრელიშვილი.

ეკონომისტების შეფასებით, კრიპტოვალუტის ფასი დროთა განმავლობაში კიდევ შემცირდება და მის მიმართ ინტერესი საერთოდ შეიძლება გაქრეს მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში ფასის ზრდაც შესაძლებელია.

„თავიდან მარტივი იყო კრიპტოვალუტის გამომუშავება, მაგრამ პროცესი უფრო და უფრო რთულდება. კოდების გამომუშავება, რომელიც იძლეოდა ბიტკოინს ან სხვა კრიპტოვალუტას, რთულად მოსაძიებელი გახდა. ამიტომ უკვე დღეს გაცილებით მეტი ელექტროენერგიის რესურსი სჭირდება კრიპრტოვალუტის მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ის დროა, როცა „მაინინგის" ბიზნესი ნელ-ნელა კვდება და არარენტაბელური ხდება. ბევრმა უკვე შეწყვიტა მისი გამომუშავება.

ციფრული ვალუტების ფასი მკვეთრად მერყევია, რაღაც ეტაპზე შესაძლებელია ზრდა, მაგრამ ფასის დაღმავალი ტრენდი მაინც გაგრძელდება. სპეკულაციური ოპერაციების საფუძველზე იყო ფასი გაბერილი და ახლა ნელ-ნელა დგება თავის კალაპოტში. მოსალოდნელია, რომ კიდევ შემცირდება მისი ღირებულება", - ამბობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, ბიტკოინის გამომუშავების პროცესი ხანგრძლივია და, საშუალოდ, 1 თვეზე მეტი სიჭრდება, შესაძლებელია, ცოტა ნაკლებიც, ოღონდ პროცესში დიდი „ფერმა" უნდა იყოს ჩართული და ასეულობით კომპიუტერი ემსახურებოდეს.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ციფრული ფულის მოპოვებამ მიმზიდველობა უკვე დაკარგა.

„კრიპტოვალუტის წარმოების ხარჯი მაინერების სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ იაფი არ ჯდება, რის გამოც დღესდღეობით ბიტოკინს ცოტა გამოიმუშავებს. ერთი ბიტკოინის მოპოვებას, საშუალო, 1-1,5 თვე სჭირდება, ესეც მაშინ, თუ პროცესში 120_დან 200-მდე კომპიუტერია ჩართული, შეიძლება მეტიც დასჭირდეს.

დღეს იგი მაინცდამაინც მიმზიდველი აღარ არის, ვვარაუდობ, რომ ფასი 3000 დოლარამდე დაიწევს და მერე შეიძლება ზრდას ველოდოთ. არის „ფერმა", რომელშიც 100 კომპიუტერია ჩართული, მაგრამ ზოგი 600 კომპიუტერსაც ამუშავებს. რამდენს ხარჯავს და რამდენს გამოიმუშავებს, თითქმის შეუძლებელია დათვლა. 1000-კომპიუტერიანი თუ არის „ფერმა", კრიპტოვალუტის გამომუშავებას, შესაძლოა, 1 თვეც არ დასჭირდეს. აქ გადამწყვეტია დენის სიმძლავრე. როგორც ვიცით, მოხმარება მუდმივად მატულობს", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.

ბიტკოინის მოპოვების ხარჯი უცნობია, თუმცა ცნობილია სავარაუდო მოგება, რაც ერთი საშუალო ზომის „ფერმის" შემთხვევაში დაახლოებით 15-20 ლარს შეადგენს. ასე ვარაუდობს პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რომლის თქმითაც, დიდი ინვესტიციის ფონზე „მაინინგს" მიზერული მოგება მოაქვს.

„როგორც წესი, კრიპტოვალუტის გამომუშავებას სჭირდება ბევრი ელექტროენერგია, სხვა ხარჯს ნაკლებად შეიცავს. რამდენადაც ვიცი, ერთი „ფერმის" მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტა დიდ მოგებას არ ტოვებს, მაგრამ საკმაოდ დიდი ინვესტიცია სჭირდება და მოგება დღეში, საშუალოდ 15-20 დოლარია.

ფასის ვარდნა ძალიან ბევრს აზარალებს. ეს შეიძლება იყოს დროებითი მოვლენა და რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყება ზრდა. დიდი მნიშვნელობა აქვს, „ფერმები" ვის რა ინვესტიციით აქვს გაკეთებული. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საბანკო კრედიტით იყოს, რის გამოც ხარჯს საბანკო პროცენტებიც ემატება და ზოგი შეიძლება გაკოტრდეს კიდევაც. ეს საფრთხეც არსებობს.

აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტების მოპოვებას სხვადასხვა ხარჯი აქვს. სავარაუდოდ, ჯერჯერობით გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ მალე ბევრი უარს იტყვის „მაინინგზე". რა პრობლემაც უნდა შეიქმნას, ბიტკოინი მაინც მომავლის ვალუტაა და მას აუცილებლად ექნება ღირებულება. ბევრი შეწყვეტს, მარამ რას უზამენ უკვე შეძენილ `ფერმებს~, საუბარი მიჭირს. თუკი გაყიდვას გადაწყვეტენ, ეს პროცესიც ზარალთან იქნება დაკაშვირებუი და არ მგონია, ვინმემ ათეულობით მაინერის ყიდვა მოისურვოს", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გოჩა თუთბერიძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"