„თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაში არის პასუხი ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე“

თბილისის მთავრობამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, გეგმა უკვე განხილვისთვის საკრებულოს გადაეგზავნება.„დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და მთლიანად თბილისისთვის. ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსაწრგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისთვის და 24 საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა“, - განაცხდა კალაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია - თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, სრულად იქნა გაზიარებული.

„მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის დადებითი იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით. ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი. თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის (ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა)“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილ გენგეგმაში გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (ლისის ტბა, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.). კალაძის თქმით, ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე. რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ არის მიახლოებული სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და არის მორგებული რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ“, - განაცხადა კალაძემ.