დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სექტორულ სანქციებს განიხილავს

რუსეთის წინააღმდეგ სექტორული ეკონომიკური სანქციების განხილვას დასავლეთი რამდენიმე კვირაში შეუდგება და არა რამდენიმე თვეში.

ამის შესახებ ბრიუსელში "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამამ განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამის განხორციელება საჭირო აღარ გახდება, თუ რუსეთი სწორ ქმედებებს განახორციელებს. კითხვაზე – ევროკავშირის 28 ქვეყნის იდეას, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ, ობამამ უპასუხა: "როდესაც მაგიდას 28 ადამიანი უზის, ძნელია მათგან სრულ თანხმობას ელოდო. ეკონომიკური სანქციების მომზადებისას აუცილებელია თითოეული ევროპული ქვეყნის სუსტი მხარის გათვალისწინება, იქნება ეს ფინანსები, თუ ენერგეტიკა. ვფიქრობ, ევროპელები ხვდებიან, რომ ამ კონტინენტზე მშვიდობა დაკავშირებულია ზოგიერთ ფასეულობაზე და იმ ვითარებაში მათი არჩევანი, როდესაც ეს ფასეულობები ირღვევა, ცხადი უნდა იყოს, თუნდაც ამან პატარა ეკონომიკური გართულებები გამოიწვიოს", – განაცხადა ობამამ.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოხატა საფრანგეთის უარის გამო, გაწყვიტოს კონტრაქტი რუსეთთან ორი "მისტრალის" მიწოდების შესახებ. "მე შევთავაზე ფრანსუა ოლანდს, დაეჭირა ხელი "პაუზის" ღილაკისთვის, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო", – აღნიშნა ობამამ. მისი თქმით, ამ თემას კიდევ ერთხელ წამოწევს საფრანგეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას.

ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომლის თანახმადაც, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები არ არის შემოღებული, ვერ ხედავს რუსეთთან კონტრაქტის გაწყვეტის აუცილებლობას.