ვერეს ხეობასთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა, - ამის შესახებ განმარტება თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.“გენერალურ გეგმაში ვერეს ხეობასთან დაკავშირებით გაჩნდა სპეციალური ჩანაწერი. ვერეს ხეობას აქვს ორი ფენა, ერთი ეს არის რეკრეაციული ზონა, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის ერთ ნაწილზე ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს ლანდშაფტური განაშენიანება. გენგემაში არსებული ჩანაწერის მეორე ნაწილი ჰიდროლოგიური დატბორვის არეალებს უკავშირდება, კეთდება ცხაური თამარაშვილის მეორე მხარეს, სადაც ვერეს ხეობა თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიას უერთდება. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ოკეანის ქვეშ აკეთებენ გვირაბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი საინჟინრო გეოლოგიური გადაწყვეტა ყოველთვის არსებობს. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ და თითოეული ტერიტორიის განაშენიანება უნდა მოხდეს სწორი საინჟინრო გადაწყვეტილების და ზონების აქტიური ცვლილებების მოთხოვნების გარეშე, - განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიიღო და განსახილველად თბილისის საკრებულოს გადაუგზავნა.