ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

6-დან 8 ივნისის ჩათვლით გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენას - WinExpo Georgia 14 ატარებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე შესაფუთი მასალების, მანქანა-დანადგარების, გადამამუშავებელი ხაზების, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი თუ დისტრიბუტორი 90-მდე კომპანია. წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ჩინეთი.

გამოფენაზე საქართველოში ცნობილი ღვინის მწარმოებლების გვერდით წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნები. ღვინის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასევე ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ყველი.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ღვინოები, სხვადასხვა რეგიონში დამზადებული ქვევრის ღვინო და მათი ნაირსახეობა.

გამოფენა ოფიციალურად დღეს, 11:00 საათზე გაიხსნება. 7 ივნისს კი  12:00 საათზე მე-4 პავილიონში ქართული ღვინის მასტერკლასი, ღვინის მთავარი სახეობების დაჭაშნიკებაა დაგეგმილი. ამავე დღეს, 13:00 საათზე მე-6 პავილიონში პრეზენტაცია ჩატარდება, რომლის მიზანია ქართველ მეღვინეებს მიეწოდოს ინფორმაცია ფრანგული კომპანია "ბუშერ ვასლინ"-ის და "ჯი თი გრუპის" თანამშრომლობის დაწყების და იმ პროდუქტების და სერვისების შესახებ, რომლებსაც ეს ორი კომპანია ქართველ მეღვინეებს შესთავაზებს.