როგორია სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ არა-უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობის მიხედვით, 13 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა.

კვლევა მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს და ასახულია საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის საქართველოში და გარდამავალი ეკონომიკის მქონე შერჩეულ ქვეყნებში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე კვლევაში შესულ დსთ-ის ქვეყანებში (კერძოდ, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და, უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში), მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის.

თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

ISET-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,5%-ს შეადგენს. ამასთან, ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 7% ხორვატიაშია, ყველაზე მაღალი კი უკრაინაში- 30,8%. რუსეთში ასეთ სესხებზე 20,6%-იანი განაკვეთი ფიქსირდება, ხოლო სომხეთში 27,9%-იანი.

ISET-მა საკუთარ კვლევაში უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებიც მოიცვა, თუმცა საკვლევ ქვეყნებში ასეთი სესხი სულ ოთხგან - ხორვატიაში, საქართველოში, მაკედონიასა და სომხეთში გაიცემა. შედეგად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოცულობით საქართველო მეორე პოზიციაზეა 8,3%-ით, მეზობელ სომხეთში ეს განაკვეთი 10,7%-ს აღწევს.

რაც შეეხება ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ იპოთეკური სესხების ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ამ მხრივ საქართველო ბოლო ადგილზეა, განაკვეთი კი 12,3%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის ამ სახეობაზე ჩეხეთში ფიქსირდება - 5%-ის ოდენობით.

წყარო: ISET