თბილისის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაშია მოქცეული - ამის შესახებ საუბარია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული მასალებში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საშუალო საშიშროების კატეგორიაშია შესული თბილისის ტერიტორიების 29%, ხოლო დაბალი საშიშროების კატეგორიაში - 51%.
„გეოსაშიშროებიდან გამომდინარე განხორციელდა ქ. თბილისის არეალის დარაიონება (ზონირება) კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც თავის მხრივ გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი“, - აღნიშნულია გენგეგმაში.
გენგეგმის ჯგუფის მიხედვით, მაღალი საშიშროების კატეგორიას განეკუთვნება ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილია (20 -ზე მეტი) და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.
საშუალო საშიშროების კატეგორია: ტერიტორია, სადაც რელიეფი ნაკლებად დახრილია და სუსტადაა დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადსხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან (მათ შორის ნაყარი გრუნტები), მიწისქვეშა წყლები შედარებით ახლოსაა ზედაპირთან, დატბორვებს იშვიათად აქვს ადგილი და სტიქიური პროცესები მასშტაბური ხასიათს არ ატარებენ.
დაბალი საშიშროების კატეგორია: ტერიტორია, სადაც რელიეფი ძირითადად სწორია, დანაწევრების ხარისხი უმნიშვნელო, ამგები გრუნტები გამოირჩევიან შედარებით მდგრადი მზიდი თვისებებით, მიწისქვეშა წყლები ძირითადად ღრმა ცირკულაციისაა, დატბორვებს ადგილი არა აქვს და სტიქიური პროცესები პრაქტიკულად არ ფიქსირდებიან.