მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უწყვეტი საფეხმავლო, საველოსიპედო ბილიკები და ერთიანი გამწვანებული სივრცეები - რა წერია თბილისის გენგეგმაში

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა.თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მათ შორის მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უწყვეტი საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებისა და გამწვანებული სივრცეების შეკავშირებულ სისტემად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უნდა მოეწყოს უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი, რომელიც ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას.

თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც ერთის მხრივ, გაზრდის მათ ეფექტურობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორეს მხრივ, იქნება კომფორტული, ეფექტური გადაადგილების საშუალება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის,“-აღნიშნულია გენგეგმაში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი, უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ერთ სულ მოსახლეზე უნდა გასამმაგდეს და ერთ მოსახლეზე 10 კვადრატულ მეტრს უნდა აღემატებოდეს.