ირანი მზადაა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჰორმუზის სრუტე დახუროს

„ისლამური რესპუბლიკის მცველების“ დანაყოფი, (რომელიც არის ელიტური დანაყოფი ირანის არმიაში), მზად არის დახუროს ჰორმუზის სრუტე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, თუ აშშ განაგრძობს ირანის მიმართ სანქციების პოლიტიკის გატარებას, - ამის შესახებ Reuters წერს.

„თუ ისინი აპირებენ ირანული ნავთობის დაბლოკვას, ჩვენ არ მივცემთ სხვა ქვეყნებსაც უფლებას გაიტანონ ნავთობი ჰორმუზის სრუტის გავლით“ - განაცხადა სარალის ბაზის მმართველის მოადგილემ ისმაილ კოუსარიმ.

მანამდე ირანის წარმომადგენელმა „ოპეკში“, ჰუსეინ კაზემპურ არდებილმა განაცხადა, რომ ამერიკის სანქციები, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტს უშლის ხელს საბოლოოდ თავად ამერიკას დააზარალებს, ხოლო დონალდ ტრამპის პოლიტიკისთვის საფასურს ამერიკის მოქალაქეები გადაიხდიან.

შეგახსენებთ, 2 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა,

რომ აშშ აპირებს ნულამდე დაიყვანოს ირანის ენერგეტიკიდან მიღებული შემოსავალი სანქციების გზით, რომელიც 4 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

კოკა კვირკველია