ბოლო დროს ძალიან გახშირდა ინფორმაციები თვითმფრინავის გაუმართაობის ან სხვა მიზეზების გამო გადადებულ და შეფერხებულ რეისებთან დაკავშირებით.გარდა ამისა, აეროპორტებში დაუცველია უსაფრთხოების ნორმები და მგზავრთა უფლებებიც უგულებელყოფილია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების თქმით, ასეთი ფაქტები ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ეს მედიასაშუალებებისთვისაა ცნობილი.
აეროპორტებში გადადებული და შეფერხებული რეისების შესახებ, ასევე ავარიული დაშვებისა თუ მგზავრებზე განხორციელებული შეტევების თაობაზე ინფორმაცია ლამის ყოველდღე ვრცელდება. მათი ძირითადი ნაწილი უნგრულ ავიაკომპანია „ვიზეარს" ეხება. ერთ-ერთი ბოლო ასეთი ფაქტი ქუთაისის აეროპორტში 2 ივლისს მოხდა. მგზავრები ყვებოდნენ, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე იყო პანიკა, აფრენის დროს თვითმფრინავი პილოტმა დაამუხრუჭა და სადგომზე ავარიულად დააბრუნა, რა დროსაც თვითმფრინავში იგრძნობოდა სპეციფიკური სუნი და შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
არსებობს ინფორმაცა, რომ ხომალდს, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით მიფრინავდა, პრობლემები რამდენიმე დღის წინათ შეექმნა და მაშინ საერთოდ გუქმდა რეისი ბარსელონის მიმართულებით. იქამდე იყო გადადებული რეისი გერმანიაში, რომლის მგზავრებსაც ფრენის ღირებულება მხოლოდ ნაწილობრივ აუნაზღაურეს.
2018 წლის 13 აპრილს კი თბილისი-სტამბოლის რეისზე, ავიაკომპანია „პეგასუსის" თვითმფრინავში, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. მგზავრების ნაწილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ექიმის დაგვიანება და ბორტის მოუმზადებლობა აშკარა იყო.
გარდა ხომალდების გაუმართაობისა, როგორც ჩანს, დღის წესრიგში დგას აეროპორტის უსაფრთხოების საკითხი. გუშინ უცნობმა პირმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდო, რასაც პანიკა მოჰყვა.
რატომ გაუარესდა მდგომარეობა აეროპორტებსა თუ ავიაკომპანიებში? სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ისნპექტირება წესების სრული დაცვით მიმდინარეობს და ავიასფეროს კონტროლი მკაცრია. სპეციალისტები ამას ეჭვქვეშ აყენებენ და სტანდარტების დარღვევაზე საუბრობენ.
ავიაკომპანია „ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი გიორგი კოდუა მიიჩნევს, რომ მგზავრთა უსაფრთხოება და თვითმფრინავის ტექნიკური გამართულობა საჭირო დონეზე და სათანადო ინტენვისობით არ მოწმდება. მისივე თქმით, განხმაურებული ჩაშლილი რეისების გარდა არის სხვა შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ავიაკომპანიას პრობლემა შეექმნა და ფაქტის შესახებ მედიამ ვერ გაიგო.
„როცა ხდება ისეთი ფაქტი, რაც ბოლოს რამდენჯერმე მოხდა „ვიზეართან" დაკავშირებით, ამ დროს მე არ მაქვს კითხვები კერძო კომპანიასთან, კითხვები მიჩნდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. მესმის, რომ ავიაკომპანია შეიძლება არ იყოს ქართული, მაგრამ ყველა მათგანი ეხება ავიაციის სააგენტოს.
ჩვენი სტანდარტები ფორმალურად ევროპულ დონეზე კონტროლდება და ყველა იმ წესსა და ნორმას ითვალისწინებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზეა. ქვეყანაში მოქმედებს ევროკავშირის სტანდარტით შექმნილი კომისიები და მათ უფლება-მოვალეობა აქვთ, ავიდნენ ნებისმიერ ბორტზე და შეამოწმონ არაგეგმურად ყველა პარამეტრი და მიუთითონ კოეფიციენტები; გამოიკვლიონ ნებისმიერი რეისი, თუ როგორაა გამართული როგორც პილოტის, ასევე თვითმფრინავისა და ეკიპაჟის გამართულობა.
ევროპაში მართლაც ასეა და უსაფრთხოების სტანდარტს გაორმაგებულად იცავენ კომპანიები, საქართველოში კი ეს სათანადოდ არ ხდება და ამიტომაცაა ბევრი გადადებული ფრენა, რომელთა მხოლოდ ნაწილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. არის რეისები, რომლებიც ვერ შესრულდა ან პრობლემა შეექმნა შესრულების დროს და კომპანიებმა მოახერხეს ამ ამბის ისე ჩაფარცხვა, რომ ინფორმაცია საერთოდ არ გავრცელებულა.
რაც შეეხება მგზავრთა უფლებებს, ეს ცალსახად სახელმწიფო რეგულირების სფერო უნდა იყოს და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზეა ცვლილებები გასატარებელი. სამწუხაროდ, მომხმარებლის ცნობიერება იმ დონეზე არ არის, რომ ბილეთის ყიდვას აღიქვამდეს, როგორც კონტრაქტის დადებას და კითხულობდეს, რეისის გადადების, ჩაშლის ან უცხო ქალაქში შეყოვნების შემთხვევაში, რა კომპენსაცია ერგება ან რა ვალდებულებები აქვს ავიაკომპანიას.
მომხმარებელი მხოლოდ ფასს აქცევს ყურადღებას, არადა, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები სწორედ ამ რისკების დაუზღვევლობის ხარჯზე ახერხებენ ისე იაფად ბილეთის შეთავაზებას", - განუცხადა „რეზონანსს" გიორგი კოდუამ.
ავიაკომპანია „აირზენას" ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი საქართველოში ოპერირებული ავიაკომპანიების ტექნიკურ გამართულობაში ეჭვის შეტანას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
„საქართველოში ტექნიკურად ყველა გაფრენის წინ თვითმფრინავები მოწმდება აეროპორტში არსებული ტექნიკური შემადგენლობის მიერ, რომლებსაც ტრენინგი გავლილი აქვთ და გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი. შესაბამისად, თუ მგზავრი თვლის, რომ თვითმფრინავი არ იყო სათანადოდ გამართული, მას შეუძლია ტექნიკური ინსპექტირების მონაცემების გამოთხოვა. გარდა ამისა, როდესაც მგზავრი საკუთარ უფლებებს შელახულად თვლის, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ეს ნამდვილად ასეა, შეიძლება, ეს ემოციური მომენტი იყოს", - აცხადებს ზაუტაშვილი.
„რეზონანსი" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, რა სახის დარღვევებია ქართულ ავიაბაზარზე. როგორც სააგენტოში განაცხადეს, ამ ინფორმაციის გაცემა შეზღუდულია, თუმცა დაადასტურეს, რომ დარღვევები არის და კომპანიები ჯარიმდებიან ამ დარღვევების გამო.
„შემოწმება მიმდინარეობს საკმაოდ ხშირად. იგი განისაზღვრება ევროკავშირის მიერ მოცემული კრიტერიუმებით. ეს შეიძლება იყოს ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოების დონეზე დამოკიდებული, რომლიდანაც კონკრეტული ავიაკომპანიაა, ასევე, რა ქულები აქვს ავიაკომპანიას უსაფრთხოების კუთხით, არის თუ არა კრიტიკულ სიაში და ა. შ. რამდენიმე კრიტერიუმია, რომლებითაც განისაზღვრება, ამა თუ იმ ავიაკომპანიაზე როდის და რა ინტენსივობით განხორციელდეს არაგეგმური ინსპექტირება.
მგზავრები უფრო იშვიათად, თუმცა ორგანიზაციები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ მგზავრებს, მოგვმართავენ მუდმივად. იყო მგზავრების მხრიდან პრეტენზიები, შესაბამისად, ჩვენ მოკვლევა ჩავატარეთ და ავიაკომპანია დაჯარიმდა.
საჰაერო კოდექსით არსებობს განსაზღვრული ინფორმაციები, რომელთა გაცემაც შეზღუდულია. სწორედ ასეთ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაშიც. მათი გავრცელება იწვევს პანიკასა და გაუგებრობას საზოგადოებაში", - განუცხადეს „რეზონანსს" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"