რა სახის შეღავათებს მიიღებენ მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო სეგმენტის თანამშრომლები?

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ ინფორმაციით, 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ.

მათივე ცნობით, შეთანხმება თბილისის მერსა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შედგა. საუბარი ეხება, როგორც თბილისის მეტროპოლიტენის, ასევე ავტობუსების და სხვა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტში დასაქმებულების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით უფლებებს.

“აღსანიშნავია, რომ შედეგს წინ უძღოდა 4-თვიანი, აქტიური მოლაპარაკებების პროცესი და რომ არა თბილისის სატრანსპორტო სფეროში განვითარებული სხვადასხვა მოვლენა, რომელმაც გარკვეულწილად შეაფერხა მიმდინარე პროცესი, დასაქმებულები ბევრად ადრე შეძლებდნენ სხვადასხვა ტიპის შეღავათებით სარგებლობას.

მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ მთლიანობაში 2-მილიონი ლარის სარგებელს.

მიღწეულ შედეგებს შორის, აღსანიშნავია:

1.მეტროს თანამშრომლებისთვის ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10%-იანი ზრდა.

2. მოიხსნება თანრიგების დაცვის სისტემა და ამავდროულად, გაიზრდება ტარიფები მე–6 თანრიგის 100 ლარამდე. მე–5 თანრიგისათვის 70 ლარამდე და მე–4 თნრიგისათვის 50–ლარამდე.

3. ამავე დროს, თანრიგების მიმნიჭებელ კომისიაში, ხმის უფლების მანდატი მიეცემათ მეტროს და ტრანსპორტის პროფკავშირების წარდგინებით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

4. საწარმოს სამსახურის ტექნიკური მეცადინეობების (გადამზადების) დრო, რომელიც ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება თანამშრომლებისთვის თვეში ერთხელ ანაზღაურდება 20 ლარით.

5. საწარმოში დასაქმებული ყველა ბრძანების ასლი, რომელიც ეხება დასაქმებულთა სოციალურ ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის მიღების და გათავისუფლების ბრძანების ასლებს - სამი დღის ვადაში გადაეცემა პროფკავშირს.

6. მეტროს თანამშრომლებისთვის, მეტროს პროფკავშირის შუამდგომლობით დაწესდება ყოველწლიური "საპატიო მეტროპოლიტენელი“ წოდების მინიჭება, წამახალისებელი ფულადი ჯილდოს თანხლებით.

7. კომპანიაში დასაქმებული ე.წ. "ბუქსირის" მძღოლებისთვის განისაზღვრება მავნე პირობებში მუშაობის დანამატი.

8. სამეურნეო მანქანის მძღოლები დანამატის სახით - მავნე სამუშაოსთვის, 10 დღიან დამატებით ანაზღაურებად შვებულებას მიიღებენ.

9. ივლისსა და აგვისტოში, ძლიერი სიცხის გათვალისწინებით, მცირე ზომის ყვითელი ავტობუსების "ბოგდანების" მძღოლები იქნებიან უზრუნველყოფილნი წყლით ან მიიღებენ შესაბამის დანამატს 50-50 ლარის ოდენობით.

10. ირაკლი პეტრიაშვილის თხოვნაზე, თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა დაარეგულიროს ე.წ "მშრალი ოქმის" საკითხი, რაც გულისხმობს მცირე საავტომობილო ინცინდენტების დროს (რომელიც არ იწვევს სხვისი ნივთის ან ვინმეს დაზიანებას და ეხება საავტომობილო საშუალების შედარებით მსუბუქ დაზიანებას, გახახუნებას და ა.შ) მძღოლების 250 ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლებას. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა საკითხი დაარეგულიროს შსს-სთან და საპატრულო პოლიციასთან.

11. დეკემბრიდან იანვრამდე მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებში შევა ცვლილება და მათ აუნაზღაურდებათ ნახევარშაათიანი ე.წ. გამოუყენებელი შესვენება, რომელიც ჯამში 600 ათას ლარს შეადგენს და რომლისთვისაც თანხები ამ ეტაპზე ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა.

12. პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების შედეგად საწარმოში არსებული წელთა ნამსახურების დანამატი გავრელდება მძღოლებზეც და ამ თანხას ისინი, ისევე როგორც მეტროს თანამშრომლები მიიღებენ წლის დასრულებისთანავე.

13. როგორც მანამდე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან და ასევე გუშინდელ შეხვედრაზე, გამგეობის წევრებს ქალაქის მერმა და საქტრანსპორტო კომპანისი ხელმძღვანელმა განუცხადეს, დეკემბერ-იანვარში გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც ჩაიდება, როგორც ძველი მიღწევები ასევე ახალი სხვადასხვა საკითხები, რომელიც გააუმჯობესებს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალ ეკონომიკურ მდგომარეობას. მერმა სრული მზადყოფნა გამოთვა დიალოგისთვის და სხვადასხვა პრობლემატური საკითხების პირადად მასთან განხილვაზე“, - ნათქვამია “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მიუხედავად იმისა, რომ მემანქანეების პროფკავშირმა და მათთან ერთად იმ სტრატეგიისა და გარკვეული მოქმედებების დამგეგმავმა ორგანიზაციებმა, აბსოლუტური გამიჯვნა გააკეთეს დანარჩენ მძღოლებისა და მეტროს სხვა თანამშრომლების საჭიროებებზე, რომლებზეც ოთხი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით დიალოგს ქალაქის და კომპანიის ხელმძრანელობასთან, მე არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ჩვენ მხოლოდ დასაქმებულთა იმ ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჩვენი წევრები არიან. ამიტომ ქალაქის მერს შეხვედრაზეც და მანამდეც პირადად მივმართე თხოვნით, რათა მის მიერ გაცხადებული 2019 წლის იანვრის ნაცვლად, პარალელურად ახლავე გამოიძებნოს რესურსი და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გაუმჯობესდეს მეტროს მემანქანეების ყოფა და სოციალური მდგომარეობაც. არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრო, ვინაიდან მაქვს მხოლოდ ჩვენი წევრი ორგანიზაციების მანდატი, მაგრამ სულაც არ მინდა ერთი კომპანიის თანამშრომლები გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ და ეს დაპირისპირება ღრმავდებოდეს. ვფიქრობ, რომ პროფკავშირების გაერთიანებას მაღალი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება მოეთხოვება და სწორედ ამიტომ ვაყენებ საკითხს ამგვარად. არიან თუ არა ისინი ჩვენი წევრები, ისინიც დასაქმებულები არიან - აქედან გამომდინარე ჩვენი დები და ძმები არიან და ამიტომ მათ სოციალურ კეთილდღეობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს ჩვენს წევრებს. მესმის, რომ გაკრვეული კრიტიკა დავიმსახურე ამის გამო ჩვენი წევრების მხრიდან, მაგრამ ეს არის გაერთიანების ხელმძღვანელობის მიერ ქალაქის მერის წინაშე დაყენებული პოზიცია და მჯერა რომ ეს პოზიცია სწორია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ექსკლუზიური ინფორმაცი მოგვაწოდა და ყვითელი "ბოგდანები"ს თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების საკითხი უახლოეს მომავალში თავიდან ბოლომდე დარეგულირდება, დედაქალაქის ავტოპარკი უახლოეს თვეებში განახლდება და ერთის მხრივ აღმოფხვრის ხელფასებს შორის არსებულ განსხვავებაც, რომელიც დღეს ე.წ ყვითელი და ე.წ ლურჯი ავტობუსების მძღოლების შორისაა და ამავე დროს დედაქალაქის მაცხოვრბლები და სტუმრები ახალი თანამედროვე ავტობუსებით ისარგებლებენ. პირადად ჩემგან და დასაქმებულების სახელით მადლობა გადავუხადე ქალაქის მერს მშენებლობებზე შემოღებული რეგულაციებისთვის, რომლის შედეგიცაა მშენებლობის სფეროში უბედური შემთხვევების შემცირების მკვეთრი დინამიკა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის შემოღებამ, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები პროგნოზირებდნენ კი არ დააზარალა ბიზნესი, არამედ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეგულაცია მალე ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება", - აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.