საწარმოებს შესაძლოა, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდეთ

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში თბილისის გაზიფიკაციის საკითხზეც არის საუბარი.მათ შორის, დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია საწარმო-სამრეწველო ობიექტებისთვის მოხმარებითი ლიმიტის დაწესება და ლიმიტის გადაჭარბებისთვის შესაბამისი სატარიფო სანქციების განსაზღვრა.

„სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტია დედაქალაქის ბუნებრივი გაზის სარეზერვო მარაგის შექმნა. გაზის მოხმარების რაციონალური სისტემებისა და მიდგომების დანერგვა-წახალისება პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ქალაქის განვითარების პროცესში. მნიშვნელოვანია საწარმო-სამრეწველო ობიექტებისათვის მოხმარებითი ლიმიტის დაწესება და ლიმიტის გადაჭარბებისათვის შესაბამისი სატარიფო სანქციების განსაზღვრა,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გენგეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია სამრეწველო საწარმოებისთვის წყლის ხარჯვის ლიმიტის დაწესებაცაა. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე“.