"თიბისი ბანკი" მომხმარებლებს პროდუქტს - Pay Sticker სთავაზობს

"თიბისი ბანკი", პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტს - Pay Sticker სთავაზობს.

როგორც ბანკში ამბობენ, Pay Sticker არის უკონტაქტო ბარათის დამატება, რომლის დაკვრა მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ნივთზე შეიძლება: მაგალითად მობილურ ტელეფონზე, საათზე, ბრელოკზე და ა.შ. ეს ექსკლუზიური პროდუქტი, როგორც გადახდის უსწრაფესი და ყველაზე მოხერხებული საშუალება, შექმნილია მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად.

მომხმარებელმა Pay Sticker-ის ანგარიში უნდა მიაბას მისსავე Visa სადებეტო ბარათის ანგარიშზე. ტრანზაქცია განხორციელდება სტიკერის ტერმინალთან მიტანით, რის შედეგადაც თანხა ჩამოიჭრება ბარათის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან.

სტიკერის მეშვეობით, პინკოდის გარეშე შესაძლებელია მაქსიმუმ 45 ლარამდე ტრანზაქციის შესრულება.

Pay Sticker-ის გამოყენება "თიბისი ბანკის" მომხმარებლებს უკვე დღეიდან შეუძლიათ.