პარლამენში წარდგენილი საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა.
როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი. თუმცა, კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომიტეტი იზიარებს და ეთანხმება წინადადების ავტორებს, რომ მედიაში სამედიცინო საკითხების ობიექტურად გაშუქების პრობლემაა. მათი შეფასებით, ხშირად ადგილი აქვს დაუდგენელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებას, სამედიცინო პერსონალის გადაცდომის ან დანაშაულის თაობაზე ისე, რომ არ არის ცნობილი არც ექსპერტიზის დასკვნა და არც სასამართლოს გადაწყვეტილება.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით კი, მოქმედი კანონმდებლობა, გარკვეულწილად უკვე შეიცავს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს და ნორმებს.
„პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებსაც გვთავაზობს წარმოდგენილი ინიციატივა ფრიად მნიშვნელოვანია და კომიტეტი, საკითხის აქტუალურობიდან და სამედიცინო საზოგადოების მოლოდინიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნევს დაიწყოს მსჯელობა უკვე არსებულ რეგულაციებთან მიმართებაში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის კუთხით.
საკომიტეტო განხილვის შედეგად, საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ ცნობილ იქნა უარყოფილად,“- ნათქვამია კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო წინადადება სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბრის დაუშვებლად ცნობას გულისხმობდა. ამასთან, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აღნიშნული ქმედების შემთხვევაში მედია საშუალება/მისი წარმომადგენელი 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით უნდა დაჯარიმებულიყვნენ.