სოფელ ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო.როგორც ჩხვიმიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დილით მოსახლეობის დასახმარებლად მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა, თუმცა ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და უკან გადმოსვლას ვეღარ ახერხებს.
„საბედნიეროდ, არ გვაქვს ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ხალხს სახლები და მიწის ნაკვეთები წაართვა. ყველა ხიდი წაიღო ორის გარდა, რაც სოფელში არსებობდა. მოსახლეობა ამ სტიქიასთან ბრძოლაში ერთმანეთს ვეხმარებით. დილით გადმოვედი ხალხის დასახმარებლად. მდინარემ ხიდი წაიღო და დავრჩი აქ. ახლა უსაფრთხოდ ვართ, თუმცა მდინარის მეორე ნაპირას ვცხოვრობ. იქით რა ხდება, არ ვიცი. ვრეკავთ 112-ში და გვეუბნებიან მოვალთო. მთელი ღამე წვიმდა და 10 საათის განმავლობაში გუბდებოდა ეს მასა, დილით კი გადმოხეთქა. ეს იცით რამ გამოიწვია? - ე.წ ნენსკრაჰესის მშენებლობამ. ამდენჯერ რომ შეუცვალეს კალაპოტი და ნაგავი ჩაყარეს. ხალხი დატოვა ქვაზე. ასეთი კარგი მთავრობა გვყავს“, - განაცხადა გარი ჩხვიმიანმა.
ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდებისა და მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად სოფელი გარესამყაროს მოწყდა.