ვფიქრობ, 300 არაგველების მემორიალთან ბულვარის მოწყობა ძალიან კარგი შედეგის მომტანი იქნება, ასევე, ცენტრალურ პარკად „მზიურსაც“ აქვს განვითარების პერსპექტივა, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, ასევე შესაძლებელია თბილისის ცენტრში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე უფუნქციო ლიანდაგების აღებით 70 ჰექტრამდე ტერიტორიის გამოთავისუფლება.
„ვფიქრობ, 300 არაგველების მემორიალთან ბულვარის მოწყობა ძალიან კარგი შედეგის მომტანი იქნება, რადგან ლანდშაფტურად კარგ ადგილასაა განთავსებული. გზის გადატანის შემთხვევაში, არის ამის შესაძლებლობა, რითაც კარგ ფართობს ვიღებთ ტურისტებისთვის და ქალაქის მოსახლეობისთვის, რომ ამგვარი რეკრეაციული ადგილი გაჩნდეს მტკვრის მიმდებარედ.
რაც შეეხება ცენტრალურ პარკს, გენგეგმას არ უთქვამს, რომ ესა თუ ის ტერიტორია იყოს ცენტრალური პარკი, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, „მზიურის“ პარკი იყოს ცენტრალური პარკი თავისი პერსპექტივიდან და განვითარებიდან გამომდინარე. თუმცა, კარგი იქნება ეს მოსახლეობასთან ერთად გადაწყდეს. ჩვენ ასეთი ლოკაციები ქალაქს მივანიშნეთ. მაგალითად, იპოდრომის ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად შენარჩუნება და გამოყენება, ასევე, რკინიგზასთან დაკავშირებით, სადაც ტერიტორია მეურნეობას აქვს დაკავებული და არა მოქმედ ლიანდაგებს, შესაძლოა, პარკის მოწყობა. უფუნქციო ლიანდაგების გადატანით, 70 ჰექტრამდე ტერიტორია თავისუფლდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე და შესაძლებელია, ამ ტერიტორიის ნახევარი მაინც გამოვიყენოთ საპარკო ზონისთვის. ბევრი ლოკაცია შეიძლება შეირჩეს ცენტრალურ პარკად, ეს შეარჩიოს მერიამ მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, გენგეგმის „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანაა, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი გასამმაგდეს და ერთ მოსახლეზე 10 კვ/მ-ს აღემატებოდეს.
გეგმა ასევე ითვალისწინებს მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელის მოწყობას.