მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ბიზნესისთვის ახალი ჟანგბადია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.“მამუკა ბახტაძის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის შესახებ უკვე ძალაშია. მცირე და საშუალო ბიზნესი წლიური ბრუნვის მხოლოდ 1%-ს გადაიხდის. ასევე, გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება და ბრუნვის ლიმიტი ნახევარ მილიონამდე გაეზარდა მცირე ბიზნესს. ეს არის ახალი ჟანგბადი მცირე ბიზნესისთვის, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის პროცესში მეტ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ახლა, მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების, სტარტაპების და ბიზნეს-ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამები კიდევ უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდეს. საბანკო სექტორსაც შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს უკეთესი პირობები შესთავაზოს, თუ დამატებითი საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება ამას, მზად ვართ განვიხილოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.