ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც ბერლინში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, მოხსენებაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანზიტო სახელმწიფოს, რომელზეც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი გადის.
ჩიქოვანის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტებში განხორციელებაში, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშნველოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან დაახლოების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
გამოსვლაში გიორგი ჩიქოვანი შეეხო “სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტს, რადგან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის “სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიული პარტნიორი.
მისი თქმით, სწორედ საქართველოში გადის სამხრეთ გაზის დერეფნის ერთერთი შემადგენელი ნაწილი სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზსადენს საქართველოს გავლით თურქეთთან აკავშირებს. ჩიქოვანი ასევე შეეხო “თეთრ ნაკადს“ და “ტრანს კასპიურ მილსადენს“, რომელთა განხორციელება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას მისცემს საშუალებას რუმინეთის გავლით მიიღოს ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოცულობები.
აღნიშნული ფორუმის მეორე სესია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ეკონომიკისა და ენერგეტიკის პერსპექტივებს დაეთმო. გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკთან (KfW) ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგეტიკის სექტორში.
ქართულ - გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვა ოფიციალური პირები.