თბილისში პარკირების გადასახადი გაიზრდება.ამის შესახებ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც არის მითითებული, რომელიც მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გუშინ გადაუგზავნა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მოხდება ქალაქში ზონირება და დაწესდება საათობრივი გადასახადი.
ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდებათ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მანქანის გაჩერება მოქალაქეებს და იქნება თუ არა მათთვის უარესი პირობები, ვიდრე „სითი პარკის" დროს იყო.
მიწათმოქმედების გენერალურ გეგმას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, მასში შესული რეკომენდაციების დიდი ნაწილი აღსრულდება. ერთ-ერთი მათგანი ასეთია: ქალაქში პარკირების საფასური უბნების მიხედვით განისაზღვრება. ცენტრში გადასახადი უფრო მაღალი იქნება,ვიდრე სხვაგან. გენგეგმაში აღნიშნულია, რომ პერიფერიებში შესაძლოა, გადახდის ძველი სისტემა დარჩეს.
„რეზონანსი" მერიის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პარკირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ამიტომ ჯერჯერობით კონკრეტული განცხადების გაკეთებისაგან თავს იკავებენ.
გეგმაში არის რეკომენდაცია პარკირების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია `კარგად შეკავშირებული ქალაქის~ კონცეფციაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც ქალაქში სატრანსპორტო რეგულირების მიზნით პარკირების განფასებითი სისტემის შექმნაა.
„ამგვარი სისტემა გულისხმობს ქალაქის ზონირებას. იგი უნდა დაიყოს ცენტრალურ, საგარეუბნო და შუალედურ ზონებად, რის შედეგადაც პარკირებასთან დაკავშირებით განფასება მოხდება. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზანი ისაა, რომ სადაც დიდი მოთხოვნა და ზეწოლაა, საპარკინგე ადგილები ტყუილად არ მოცდეს. შესაბამისად, საპარკინგე ზონებში გარკვეული ადგილები ყოველთვის იქნება გამოთავისუფლებული იმ ხალხისთვის, ვისაც საქმე აქვს და ავტომობილის დაყენებისთვის 1-2 საათის განმავლობაში თანხას გადაიხდის.
რა თქმა უნდა, ქალაქი სცენტრალურ უბნებში გადასახადი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღეს არის და უფრო ძვირიც, ვიდრე სხვა ზონებში. რაც შეეხება პერიფერიას, არ არის გამორიცხული, იქ საერთოდ უფასოც იყოს", - აღნიშნავს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფ „სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ დღეს პარკირება ფქატობრივად უფასოა და აუცილებელია, ასეთი მიდგომა შეიცვალოს. გადასახადი გონივრული უნდა იყოს, თავად სისტემა კი - საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გაზრდაზე ორიენტირებული.
„გენგეგმით რომც არ ყოფილიყო გათვალისწინებული პარკირების შესახებ ეს რეკომენდაცია, ისედაც ფაქტია, ვერც ერთი ქალაქის მმართველობა ვერ გაუძლებს იმ ტვირთს, რაც ცენტრალურ უბნებში უფასო პარკირების შედეგად იქმნება. უფასოში ვგულისხმობ გადასახადს, რომელიც დღეს არის დაწესებული. წელიწადში 50 ლარი, თვეში ოთხი ლარი გამოდის, დღე-ღამეში – ცამეტ-ნახევარი თეთრი, საათში კი – დახალოებით ნახევარი თეთრი. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, დიახ, ეს არის უფასო პარკირება იმ დროს, როცა ჩვენი დედაქალაქის გამტარუნარიანობა საკმაოდ დაბალია თავისი ლანდშაფტიდან, წინა წლების ქაოსური მშენებლობებიდან და ავტოპარკის სიდიდიდან გამომდინარე.
იმის გათვალისწინებით, რომ მთელ თბილისში 33 ათასამდე საპარკინგე ადგილია, მანქანების რაოდენობა კი ნახევარ მილიონს აღწევს, რასაკვირველია, საჭიროა ქალაქის განტვირთვისა და საპარკინგე ადგილების გამოთავისუფლების გეგმაც.
სხვაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩემისთანა ადამიანი, ვინც ავტომობილით გადაადგილდება, სერიოზულად დაფიქრდება, უღირს თუ არა საკუთარი მანქანით გადაადგილება და ზედმეტი დანახარჯის გაწევა, თუმცა იქამდე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა აუცილებელი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვამბობ, რომ პარკირების საათობრივი გადასახადის შემოღება გარდაუვალია, მაგრამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ამჟამად საკრებულო ამ საკითხზე არ მსჯელობს და არც ტარიფებს განიხილავს. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება დღეს, მაგრამ აქამდე რომ მივალთ, ეს გარდაუვალია", - განუცხადა „რეზონანსს" შალვა ოგბაიძემ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"