RMG Gold-ს 7 ტონა ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია უფასოდ გაუგრძელდა

სახელმწიფომ კომპანია RMG Gold-ს 7 ტონა ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია ერთი წლით უფასოდ გაუგრძელა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა ორი მიმართულებით წარიმართა. საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიებზე გაცემული ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიებთან დაკავშირებით.

როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, RMG Gold-ისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გამოსარკვევია, ხომ არ არის რაიმე კორუფციული გარიგების ნიშნები. კოჟორიძემ დასძინა, რომ ერთი წლის ვადით კომპანია RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების შესახებ ლიცენზია გაუგრძელდა და ლიცენზიის გაგრძელება მოხდა უფასოდ.

"კომპანიას, რომელსაც უნდა მოიპოვოს 7 ტონა ოქრო, ლიცენზია გაუგრძელდა უფასოდ. ცხადია, ჩნდება კითხვები, სახელმწიფომ რატომ გაუგრძელა კომპანიას უფასოდ ეს ლიცენზია. ჩვენ შევისწავლეთ ლიცენზიებთან დაკავშირებული კომპანიების ისტორიაც და ვერ გავარკვიეთ, თუ ვინ დგას ამ კომპანიების უკან. ყველა მათგანი ერთ კომპანიაში ერთიანდებიან, კომპანია RMG Gold-ის გარდა, იქ სხვა კომპანიებიც არის",- აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, მათ მიერ ლიცენზიებთან დაკავშირებით შესწავლილ კომპანიებში სხვადასხვა დროსაც და დღესაც მუშაობენ ის პირები, რომლებიც ადრე სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ და მათ კომპეტენციაში სამთო-მოპოვებითი ლიცენზიების გაცემის საკითხები შედიოდა.