ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Jaguar Land Rover-მა, რომლის მფლობელიც ინდური კომპანია Tata Motors-ია, გააფრთხილა ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გამო ინვესტიციების დაკარგვაზე.
კომპანია მოუწოდებს ხელისუფლებას, გააფორმოს ახალი ხელშეკრულება ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე.
„ბრექსიტის ცუდი შეთანხმება მოიტანს იმას, რომ კომპანია დაკარგავს 1,2 მილიარდ გირვანქა სტერლინგის შემოსავალს წლიურად. შედეგად ჩვენ მოგვიწევს რადიკალურად გადავხედოთ ჩვენს დანახარჯებს. ჩვენ დავხარჯეთ 50 მილიარდი გირვანქა ბოლო 5 წლის განმავლობაში და ვგეგმავთ დამატებით 80 მილიარდის დახარჯვას მომდევნო ხუთ წელიწადში. ეს ინვესტიციები საფრთხის ქვეშ დგება წამგებიანი გამოსვლის შემთხვევაში “ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა რალფ სპეტმა.
მისივე განცხადებით, Jaguar Land Rover-ის გული დიდ ბრიტანეთშია, „მაგრამ ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც აღმოვჩნდებით გაურკვეველი მომავლის პირისპირ, თუ „ბრექსიტის“ მოლაპარაკებები არ მიგვიყვანს თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნებამდე ევროკავშირთან და შეუფერხებელ წვდომაზე ერთიან ბაზარზე“ - ამბობს სპეტი, რომლის განცხადებასაც გამოცემა The Guardian ავრცელებს.
ცნობისათვის, კომპანიის დიდი ბრიტანეთის წარმოებაში 40 ათასი ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ინვესტიციების შემცირების შესაძლებლობაზე მანამდე განცხადებები გააკეთეს ისეთმა კომპანიებმა როგორებიცაა Airbus და BMW.
კოკა კვირკველია