მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა, ჩინური პროდუქციის გარკვეული ნაწილი ახალი, გაზრდილი ტარიფებით დაბეგრა, რასაც ჩინეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია და ე.წ. სავაჭრო ომი მოჰყვება, დოლარი სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას ინარჩუნებს.ამას ძირითადად ფედრეზერვის ჩანაწერების ოპტიმისტური შეფასებები და ამერიკის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკის მოლოდინი განაპირობებს.
სავაჭრო ომის პირველი ნაბიჯი, ჯამში 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფების მკვეთრი ზრდაა. ჩინეთი წინა დღეებში აცხადებდა, რომ ამისათვის მზადაა და უკვე შერჩეული აქვს ამავე ღირებულების ამერიკული პროდუქცია, რომლებზეც საპასუხოდ, ტარიფებს გაზრდის. შეერთებულ შტატებს კი ამ შემთხვევისთვის, დამატებით 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის სია აქვს მომზადებული, რომლებზეც ტარიფებს, ჩინეთის მხრიდან პასუხის შემთხვევაში გაზრდის.
ეს ყველაფერი, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის, სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის საფრთხეს ზრდის, რასაც ბაზრებზე, მათ შორის სავალუტო ბაზარზე, დიდი რყევების გამოწვევა შეუძლია. „სტეიტ სტრიტ ბანკ ენდ ტრასტის“ ტოიკიოს ფილიალის მენეჯერი ბარტ ვაკაბაიაში ამბობს, რომ ახალი ტარიფების გავლენა ეკონომიკაზე რამდენიმე თვის შემდეგ თუ გახდება შესამჩნევი. ის თვლის, რომ ამ ეტაპზე, ბაზრები უფრო მეტი ინტერესით, აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკას ელიან, რომლებიც დღეს გამოქვეყნდება.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, ჯერ 94.177-მდე შემცირდა, რაც 26 ივნისის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია, შემდეგ კი 94.388-მდე გაიზარდა და მის სიახლოვეს დარჩა. ამერიკულ დოლართან წყვილში, პრაქტიკულად უცვლლად დარჩა ავსტრალიური დოლარიც კი, რომელიც ავსტრალია-ჩინეთს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობათა გამო, ჩინეთთან დაკავშირებულ აქტივობბზე სწრაფად რეაგირებს ხოლმე.
ამერიკული დოლარი ასევე სტაბილურია რისკებისგან თავშესაფრის სტატუსის მქონე იაპონურ იენთან წყვილში - 1 დოლარის ფასი 110.735 იენი ღირს. ტარიფების ზრდას, ინვესტორთა სიფრთხილის გაზრდა და შესაბამისად, იენზე მოთხოვნის მტება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ჯერჯერობით, ასე არ მოხდა. ეს კიდვ ერთი დასტურია იმისა, რომ ინვესტორები ჩინეთის საპასუხო ოფიციალური რეაქციის და ამერიკის შრომის ბაზრის სტატისტიკის მოლოდინში არიან.
დოლარი სტაბილურია ევროსთან წყვილშიც. ჯერ კიდევ გუშინ, ევროს კურსი 1.1721 დოლარამდე გაიზარდა, რაც 26 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ წყვილის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი, ამერიკის შრომის ბაზრის სტატისტიკაა. ევროს შედარებით გამყარება კი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ამერიკა მზადაა, ევროპასთან ავტომობილებით თავისუფალი ვაჭრობის ვარიანტი განიხილოს.