ახმეტაში ეთერზეთების წარმოება დაიწყო - პროდუქციით ევროპაში კოსმეტიკასა და ფარმაცევტულ ნაწარმს დაამზადებენ

ახმეტაში ეთერზეთების, ცხოველების საკვებისა და ტექსტილის საწარმო 28 ივნისს გაიხნა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „აგრო არომას“ ხელმძღვენელმა ზურაბ ნაცვლიშვილმა განუცხადა.მისი თქმით, საწარმოს გახსნიდან 1 კვირაში, უკვე 50 კილოგრამამდე ეთერზეთი დამზადდა და ის პირველ ეტაპზე ევროპაში, კერძოდ კი, საფრანგეთში გავა.

ცნობისთვის, კომპანია „აგრო არომა“ სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. საწარმო 2017 წლის სექტემბერში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, როგორც ზურაბ ნაცვლიშვილი აცხადებს, გარკვეული სამეურნეო პრობლემების გამო თარიღმა გადაიწია.

მისივე ინფორამციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარია. ხოლო ტერიტორია, სადაც საწარმო განთავსდა 7 ჰექტარია.

„ამ ეტაპზე ეთერზეთების წარმოებაზე დასაქმებულია 20-მდე ადამიანი. თუმცა როგორც იცით, ჩვენთან დაიწყო ტექსტილისა და ცხოველების საკვების წარმოებაც, სადაც ასევე გვყავს ხალხი დასაქმებული. საერთო ჯამში, ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება, რადგან ჯერ ახლახანს დავიწყეთ მუშაობდა და გაცილებით მეტის დასაქმება მოხდება.

რაც შეეხება ინვესტიციას, ჯერ ჯერობით, დათვლილი ზუსტად არ გვაქვს. ახლა უნდა გავაკეთოთ აუდიტი. დაახლოებით რომ გითხრათ, მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. ფართი, სადაც ქარხანა განთავსდა, 1 600 კვ.მ-ია, მთლიანი ტერიტორია კი, 7 ჰექტარამდეა“,-აცხადებს ზურაბ ნაცვლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ეთერზეთები ქინძის თესლისგან მზადდება, ხოლო შემდგომ, პროდუქცის რეალიზებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ეთერზეთოვანი კულტურების ნარგავები გაშენდება.

ამასთან, ეთერზეთები სრულად ექსპორტზე, კონკრეტულად კი ევროკავშირში გავა და მას კოსმეტიკისა და ფარმაცევტული ნაწარმის დასამზადებლად გამოიყენებენ.

„ეთერზეთებს სრულად ევროპაში გავიტანთ. პირველ ეტაპზე, ალბათ, საფრანგეთში. როდესაც გარკვეულ პარტიას დავამზადებთ, მერე უკვე ნიუშებს გავაგზავნით, ფასზე შევთანმხდებით და ექსპორტზე აქტიურად გავალთ. დაახლოებით, 2 თვეში“,-აცხადებს ზურაბ ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება ცხოველების საკვებსა და ტექსტილს, კომპანია „აგრო არომას“ ხელმძღვენელის თქმით, მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

„ამ ეტაპზე მზადდება თექის მასალა, სუვენირები, ჩანთები, ჟილეტები და ქუდები, რომელიც სუვენირების მაღაზიების დახლებსა და გამოფენეზე განთავსდება“,-აცხადებს ზურაბ ნაცვლიშვილი.

ნინი ქეთელაური