შალვა ფიფიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენა გახსნა.

"WinExpo Georgia 2014" 6-8 ივნისს, საგამოფენო ცენტრის "ექსპო ჯორჯიასა" და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება. გამოფენის მხარდამჭერები სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ასოციაცია "ქართული ღვინო" არიან.

წელს, გამოფენაზე საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას საქართველოდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან და ჩინეთიდან 70-მდე კომპანია წარადგენს. "WinExpo Georgia 2014"-ზე წარმოდგენილი იქნება როგორც საუკეთესო ქართული ღვინო, ასევე ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენის სტუმრები ღვინის ტურიზმის მიმართულებით არსებულ შეთავაზებებსაც გაეცნობიან. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიების გვერდით, წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ბოთლისა და ქვევრის ღვინის ნაირსახეობები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. შალვა ფიფიას თქმით, ვაზის 500-ზე მეტი უნიკალური ქართული ჯიში დღემდეა შემონახული, ღვინის დაყენებას კი, რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს.

გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.

"WinExpo Georgia 2014"-ის ფარგლებში საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ჟურნალის "ღვინო" პრეზენტაციას გამართავს; ჩატარდება ქართული ღვინის მასტერკლასი და გაიმართება დეგუსტაცია; ღვინის თემაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტებისა და ბაიერებისთვის კახეთის რეგიონში ღვინის ტურები მოეწყობა; გამოფენის ფარგლებში გაიმართება სესია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ჭიქების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL-ის მფლობელი გეორგ რიდელი ქართველ მეღვინეებთან, სომელიეებთან და ექსპერტებთან ერთად საფერავის ექსკლუზიურ ღვინის ჭიქას შეარჩევს. გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას. რიდელის ვიზიტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მნიშვნელობისაა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კერძოდ საფერავის ცნობადობის ამაღლებას.

"WinExpo Georgia 2014"-ში მონაწილე კომპანიებს საშუალება მიეცემათ, შეხვედრები გამართონ ბაიერებთან, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, ღვინის ექსპერტებთან, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან. გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართება ღვინის მე-6 საერთაშორისო კონკურსი (6-th International Wine Award), რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები იქნებიან. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს 7 ივნისს საზეიმო მიღებაზე მედლები და დიპლომები გადაეცემათ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა თბილისში ყოველწლიურად იმართება. გამოფენის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მევენახეობა-მღევინეობის დარგში მსოფლიო სიახლეების გაცნობა. აღნიშნული გამოფენა მეწარმეებსა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შორის საჭირო ბიზნეს კავშირების დამყარების კარგი საშუალებაა.