მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედებიდან უკვე წელიწადნახევარი გავიდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა შედეგი მოუტანა მოგების რეინვესტირებამ მცირე და საშუალო ბიზნესს.
როგორც მწარმოებლები აცხადებენ, აღნიშული მოდელი დიდი კომპანიებისთვის კარგია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესში მისი გამოყენებით, წარმოების გაფართოვება ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, მათი ბიზნესისთვის, ესტონურმა მოდელმა ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.
ცნობისთვის, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მოგების გადასახადთან დაკავშირებით ამოქმედდა დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგების გადასახადით იბეგრება არა მოგების მიღება, არამედ მოგების დივიდენდად განაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი მოდელი ახალისებს კომპანიებს მოახდინონ მიღებული მოგების რეინვესტირება, მათივე საქმიანობაში.
„თათარას“ მწარმოებელი კომპანია „გრეიფის“ დირექტორი დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშული მოდელი უფრო დიდი კომპანიებისთვისაა მოსახერხებელი, ვისაც ბიზნესის განვითრებაში მოგებიდან მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიციის ჩაბრუნება შეუძლია.
„ესტონური მოდელი უფრო მოსახერხებელი იქნებოდა დიდი კომპანებისთვის. ეს მოდელი სწორედ გულისხმობს იმას, რომ ის გადასახადი, რასაც იხდის კომპანია, მნიშვნელოვანი თანხა უნდა იყოს, რომ საინვესტიციოდ ღირდეს. პატარა კომპანიებისთვის, რომელიც მოგების გადასახადს ისედაც შედარებით უმნიშვნელო ფორმებით იხდის, ამ გადასახადის ინვესტიციის ფორმით ჩატრიალება მაინცდამაინც ამინდს არ ქმნის. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოდელია, უბრალოდ, მცირე თანხების ბრუნვის შემთხვევაში, ეფექტი არ აქვს“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.
მისივე თქმით, ესტონური მოდელის გამოყენების შემთხვევაში, დამწყები წარმოების სწრაფი გაფართოვება ფაქტობრივად, შეუძლებელია.
„მე გაფართოვებისთვის გარკვეული თანხა მჭირდებოდა, დაახლოებით საწყისი კაპიტალის ოდენობით, მაგრამ ამ მოდელის გამოყენებით, სტარტაპ კომპანიებისთვის სწრაფი გაფართოვება ფაქტობრივად, შეუძლებელია“,-აცხადებს დავით რამაზაშვილი.
აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინის“ დამფუძნებელი ილია გეფერიძეც. მისი თქმით, ესტონური მოდელი კარგია დიდი კომპანიესბითვის, მაგრამ დამწყები ბიზნესმენებისთვის, შედეგი ვერ მოაქვს.
„მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ჩემთვის არანაირი დახმარების წყაროს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მოქმედი ბიზნესმემენებისთვის, ვინც წელში გამართულია, კარგი და მნიშვნელოვნია, მაგრამ დამწყები ბიზნესისთვის, მოგებას ვერ მოიტანს. ახლდშექმნილი კომპანია 5 წლის განმავალობაში შეიძლება საერთოდ ვერ გავიდეს მოგებაზე და მათთვის ამ მოდელის აზრს ვერ ვხედავ“,-აცხადებს ილია გეფერიძე.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, სხვა მიდგომებია საჭირო, თუმცა ესტონური მოდელი აუცილებლად უნდა არსებობდეს.
„მცირე ბიზნესი რომ განვითარდეს, უნდა ხდებდეს იდების დაფინანსება და წარმოების ხელისშეწყობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ წარმატებულ ეკონომიკას და ქვეყანას. იმედია, ახალი პრემიერი შემოიღებს მსგავს მიდგომას.
ესტონური მოდელი თავისთავად უნდა არსებობდეს, რადგან ძლიერ კომპანიებისთვის, ვინც წმინდა მოგებას ბიზნესში აბრუნებს, კარგია. ჩვენთვისაც კარგი იქნება, მაგრამ 5 წლის შემდეგ. კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში, შედეგი არ ჰქონია“,-აცხადებს ილია გეფერიძე.
ხორც-პროდუქტების კომპანია შპს. „უხვის“ ხელმძღვანელი ნოდარ ყაველაშვილი კი ამბობს, რომ მას ესტონური მოდელი გამოყენება არ მოუწია, თუმცა ფიქრობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მას შედეგი არ მოაქვს.
„მე იმ საწარმოში უკვე აწყობილი მქონდა, მიწა შვიძინე, შენობა ავაშენე და ამიტომ, მოგების გადასახადი ისედაც არ მომიწია. ამიტომ, აღნიშნული მოდელის შედეგი არ მიგრძვნია. თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი კომპანიებისთვის კარგია. რაც უფრო დიდი ბიზნესი გაქვს, მით უფრო იგრძნობა. მცირე და საშუალო ბიზ„ნესს შედეგი არ შეეტყობა“,-აცხადებს ნოდარ ყაველაშვილი.