პარიზში მოწყობილი შოურუმების შემდეგ, Matériel-ი შეკვეთას მსოფლიოს 30-მდე მაღაზიისგან ელოდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „მატერიას“ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი ნუკი ჭაბუკიანი ესაუბრა.მისი თქმით, პირველადი შეკვეთების მონახაზი უკვე აღებულია და დაახლოებით, 2 კვირაში გახდება ცნობილი, კონტრაქტს რამდენ მაღაზიასთან გააფორმებენ.
ცნობისთვის, 19 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შვიდმა ქართველმა დიზაინერმა პროდუქცია, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში „Moredash Showroom“; „MisonPyramide“, „Paper Mache Tiger“ შოურუმებზე წარადგინა. საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100-მდე კომპანიას, 130-ზე მეტ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.
სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარსდგნენ: “N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Materiel Tbilisi”, “Lya”.
აღნიშნულ შოურუმებსა და ზოგადად, კომპანიის საქმიანობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ „მატერიას“ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს ნუკი ჭაბუკიანს ესაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან წარმატებული სეზონი იყო, სადაც პირველად წარვადეგით Rezort კოლექციით. ნიმუშები 1 კვირა გვქონდა გამოფენილი. შევხვდით ძალიან ბევრ წამყვან მაღაზიას, როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის ბაზრიდან. პირველადი შეკვეთების მონახაზი უკვე აღებული გვაქვს. შოურუმიდან 2 კვირა არის დედლაინი, რის შემდეგაც უკვე გვეცოდინება რომელ მაღაზიასთან დავდებთ ხელშეკრულებას და რა რაოდენობის შეკვეთა იქნება. დაახლოებით 30 მაღაზიიდან ველოდებით პასუხს“,-აცხადებს ნუკი ჭაბუკიანი.
მისი თქმით „მატერია“ შეკვეთებს ელოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ჩინეთდან, იაპონიდან და გაერთინებული ემირატებიდან.
„საკმაოდ ფართო მასშტაბის შეკვეთებს ველოდებით. შოურუმზე წარმოდგენილი იყო შუალედური კოლექცია. რომელიც მაღაზიებში ნოემბრის დასაწყისში განთავსდება. შესაბამისად, რადგან ნოემბრის შემდეგ უწევს ახალი წელი და შობა, დატვირთულია უფრო გამოსასვლელი და საღამოს სამოსით. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო აბრეშუმის ქსოვილი და შალი. ეს არის უფრო კაფსულის ტიპის კოლექცია, სადაც არის, თხელი პალტო, თხელი კაბები და ა.შ. ანუ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე და ტემპერატურაზე რომ იყოს მორგებული. უფრო სადღესასწაულო ელფერით“,-აცხადებს ნუკი ჭაბუკიანი.
მისი თქმით, აღნიშნული კოლექცია წარდეგნილი იყო Matériel-ის ბრენდის ქვეშ, რომელზეც დიზაინერებმა, ალექსანდრე ახალკაციშვილმა და ლადო ბოკუჩავამ იმუშავეს.
ნუკი ჭაბუკიანის ინფორმაციით, Matériel-ს ექსპორტის დიდი გამოცდილება აქვს და წარმოებულის დაახლოებით 40%, სხვადასხვა ქვეყანაში გადის.
„წარმატებით გავდივართ ჩინეთში, დიდი ბრიტანეთში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ქუვეითში. ახლა ველოდებით პასუხს სხვადასხვა მაღაზიებისგან და ცოტახანში უფრო დადასტურებულად შემეძლება გითხრათ, კიდევ რომელ ქვეყნებში გავალთ. ექსპორტზე ორიენტირებულია ძირითადად Matériel-ი“,-აცხადებს ნუკი ჭაბუკიანი.
რაც შეეხება მაღაზიებს, მისი თქმით ბრენდს ოფიციალური მაღაზია არა, მაგრამ გაყიდვის ბევრი წერტილი და ონლაინ მაღაზია აქვს.
ცნობისათვის, „მატერია“ უკვე არსებული „მოდელების სახლის“ საფუძველზე დაარსდა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1949 წლიდან მუშაობდა. 2003 წელს მოხდა კომპანიის რებრენდინგი და სახელს დაემატა „მატერია“. მოდის სახლი „მატერია“, აერთიანებს ორ ბრენდს, პრემიუმ კლასს Matériel-ს და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი DOTS–ს. Matériel 2012-ში შეიქმნა, ხოლო DOTS 2016 წელს.
„საქართველოში DOTS აქვს სამი გაყიდვის წერტილი, ორ აქვს თბილისში, „გალერეა თბილისში“, ასევე კოტე აფხაზის #22-ში და ბათუმში- ჰილტონში. რაც შეეხება Matériel-ს, წარმოდეგილია 1 გაყიდვის წერტილით. გარდა ამისა, ორივე ბრენდ აქვს ონლაინ მააღაზია, რომელიც მსოფლის ნებიმიერ წერტილში უზრნველყოფს მიწოდებას. უშუალოდ ჩვენი ბრენდის მაღაზია არ გავქვს და არც უახლოეს გეგმებში შედის, რადგან იგივე საერთაშორირო ბაზარზე ვთანამშრომლობთ დიდ რითეილერ ჯგუფებთან და მაღაზიებთან“,-აცხადებს ნუკი ჭაბუკიანი.
რაც შეეხება საწარმოს, „მატერიას“ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ ეტაპობრივად სულ ფართოვდება, დასაქმებული კი ამჟამად 300-მდე ადამიანია. ამასთაან, Matériel-ზე ორი გამოცდილი დიზაინერი მუშაობს, ხოლო, DOTS-ზე 5 ახალგაზრდა დიზაინერი.
რაც შეეხება ბრენდზე მოთხოვნასა და კონკრეუნეციას, ნუკი ჭაბუკიანის თქმით, „მატერიაზე“ მოთხოვნა ყოველთვის არის, კონკურენტები კი, წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არ ჰყავთ.