დღეს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ფონდ "ქართუს", რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, შენობის ნაწილი 2019 წელს უნდა ჰქონდეს დასრულებული.
"ქართუში" არ თვლიან, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.
"გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური. გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის იქ უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა მოწყობილი", - განაცხადა ფონდ „ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრს გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".