2017 წელს ბათუმისა და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25% მეტია, - ამის შესახებ „ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე იცნობით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა.
„აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა ახალი სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად შეუძლებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობის გამო. აღნიშნული ხაზი მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. შესაბამისად, საჭიროა ხაზის კაპიტალური რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება ხაზის გამტარუნარიანობა და შესაძლებელი გახდება ბათუმის და ქობულეთის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აჭარაში 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1-ის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა ეკონომიკის სამინისტროს და სემეკის წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ადგილობრივი მთავრობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ „ერგე 1“ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ენერგომომარაგების ერთ-ერთ ძირითად მაგისტრალს. აღნიშნული ხაზით შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი დატვირთვების დაკმაყოფილება და ახალი მიერთებების უზრუნველყოფა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების და ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვით ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ, დაცული იქნება ყველა უსაფრთხოების ნორმა. შესაბამისად, ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. დაშორება მიწასა და სადენს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და გატარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.
„ერგე 1“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაა, რომელიც სრულად არის დარეგისტრირებული, შესაბამისად ახალი ანძების მონტაჟი იმავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება. ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება პირველ ეტაპზე შეადგენს 6 მლნ ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აჭარაში მაღალი ძაბვის ხაზი „ერგე 1“ გახდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების წყარო“, - ნათქვამია პრესრელიზში.