ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე მედიკამენტების მიმოქცევა, ვადაგასული წამლების განადგურების წესის დარღვევა - რა დარღვევები დაუდგინდათ აფთიაქებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ბოლო ერთი წლის საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროების გამკაცრებული კონტროლისკენ მოუწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, შესწავლის პროცესში საყურადღებო აღმოჩნდა მონიტორინგის შედეგები აფთიაქების საქმიანობის მიმართ. კერძოდ, შესწავლილი მასალების თანახმად, აფთიაქების საქმიანობის მიმართულებით გამოვლინდა შემდეგი ტიპის დარღვევები: ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის, აღრიცხვისა და გაფორმების წესების დარღვევა, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქციის განადგურების წესის დარღვევა, ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა, აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ გამოვლენილია უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის ფაქტებიც ანუ ისეთი შემთხვევები, როდესაც აფთიაქი საქმიანობას ახორცეიელებს შესაბამისი ლიცენზია/ნებართვის გარეშე.

„სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევები უკიდურესად საგანგაშოა, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მკაცრი და პრინციპული დამოკიდებულების არსებობა. დღეის მდგომარეობით, უცნობია ინფორმაცია დასახელებული დარღვევების მიმართ სააგენტოს რეაგირების შესახებ. აუცლიებელია განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს ფარმაცევტულ საქმიანობაზე, ვინაიდან თავიდან იქნას აცილებული ქვეყანაში არალიცენზირებული, ვადაგასული მედიკამენტების რეალიზაცია, აფთიაქების უკანონო, უნებართვო საქმიანობა, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული მოქალაქეთა ჯანმრთელობა,“-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.