მდინარე ნენსკრას ადიდების გამო ჭუბერში განვითარებული პროცესები, სვანეთის ტურისტულ ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.როგორც „ჰეშკილის ქოხებში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ჭუბერში განვითარებული პროცესების გამო მათ უკვე გაუუქმდათ დაახლოებით, 14-მდე ჯავშანი. როგორც ფილფანების ოჯახის რძალი მალალო გელოვანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ჭუბერი, სვანეთის ტურისტული ცენტრიდან, მესტიიდან, 80-100 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა, ამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება, რაც მათ ბიზნესზე ნეგატიურად უკვე აისახა.
„14-მდე ჯავშანი გაგვიუქმდა და მინიმუმ 28 დამსვენებელმა თქვა უარი ჩამოსვლაზე. ჩვენ შემთხვევაში ყველა ჯავშანი ქართველების მიერ იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების შეშფოთება უსაფუძვლოა, რადგან ჭუბერი, მესტიიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. ავტომობილებითაც უპრობლემოდ არის მესტიაში ამოსვლა შესაძლებელი და ფრენებიც ჩვეულებრივ ხორციელდება. ნაკლებად ხდება ხაზგასმა რომ ეს ტერიტორია ტურისტული ზონიდან მოშორებით მდებარეობს, რაც ადგილობრივ ბიზნესზე ნეგატიურად აისახება,“-აღნიშნა გელოვანმა.
მისივე თქმით, ფილფანების საოჯახო ბიზნესი „ჰეშკილის ქოხები“ გასული წლის ივლისში გაიხსნა, წელს კი ჯავშნებს უკვე მაისიდან იღებს.
ცნობისთვის, ბანაკი „ჰეშკილის ქოხები“ მესტიიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. ამ ეტაპზე ბანაკი 7 კოტეჯს მოიცავს, რომლებიც ხისგან ან ფიქალისგან არის გაკეთებული. დღეის მდგომარეობით, ბანაკს ჯამში, 28 ადამიანის მიღება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ 2-3 დღეა, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა, რამაც რამდენიმე მონაკვეთის, მათ შორის, გზის საავტომობილო მონაკვეთების ჩამოშლა, საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევა და ხეობის რამდენიმე სოფლის გარესამყაროსგან მოწყვეტა გამოიწვია.