მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილი, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და წყალი დაურიგეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო შტაბს პროდუქტები სხვადასხვა ორგანიზაციებმა მათ შორის ზუგდიდის მერიამ, ენგურჰესმა და ნენსკრა ჰიდრო გადასცეს. სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის პროდუქტებს დღეს სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი გააგზავნის.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.