იაპონურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდამ“ ჰუმანოიდ რობოტ „ასიმოზე“ მუშაობა შეწყვიტა. თუმცა, კვლავაც გააგრძელებს იმ ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც ამ პოპულარული რობოტისთვის შექმნა.
იაპონურმა კომპანიამ პროექტ „ასიმოზე“ მუშაობა 1986 წელს დაიწყო, რისთვისაც პრეფექტურა საიტამაში სპეციალური ტექნიკური ცენტრი აამოქმედა. იქვე კომპანიამ წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიაზე და თვითმფრინავ „ჰონდაჯეტზეც“ დაიწყო მუშაობა.
მოსიარულე რობოტი საზოგადოების წინაშე პირველად 2000 წელს წარსდგა. 2011 წელს კი უკვე მეშვიდე თაობის „ასიმო“ დამზადდა. ბოლო „ასიმოს“ სიმაღლე 1.3 მეტრია და ის სულ რაღაც, 48 კილოგრამს იწონის. მას აქვს წონასწორობის შენარჩუნების უნარი და სიარულის გარდა, შეუძლია ხტომა, სირბილი (9 კმ/სთ სიჩქარით), კიბეზე ასვლა/ჩამოსვლა, ხსნის ბოთლს და ბურთის თამაშიც კი.
სააგენტო ნიკეი წერს, რომ „ასიმოს“ არამარკეტაბელურობის გამო, მისი განვითარება ამ ეტაპზე შეწყდა. თუმცა იაპონური სამრეწველო გიგანტი, მისთვის შექმნილი ტექნოლოგიების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში დანერგვას გეგმავს. ამ სფეროთა შორის, საავტომობილო მრეწველობაა, სადაც ბოლო ტრენდთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ავტონომიურ ავტომობილზე მუშაობაა.
გარდა ამისა, „ჰონდა“ ინტენსიურად მუშაობს ე.წ. ეგზოსკელეტონზე - დამხმარე მოწყობილობაზე, რომელიც ხნიერ და შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ადამიანებს გადაადგილებას გაუადვილებს. „ჰონდა“ ასევე მუშაობს მოტოციკლზე, რომელსაც წონასწორობის დამოუკიდებლად შენარჩუნების უნარი ექნება. ეს ყველაფერი კი სწორედ პროექტ „ასიმოს“ დამსახურებაა.