„ტოიოტამ“ გემზე წყალბადის ელემენტების ტექნოლოგია გამოიყენა

ავტომწარმოებლები ინტენსიურად ცდილობენ ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების შექმნას. მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე „ტოიოტაა“, რომელიც მსოფლიო ლიდერია ჰიბრიდების წარმოებაში.ამასთან, იაპონური კომპანია ინტენსიურად მუშაობს წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე, რომელიც ელექტროენერგიის ადგილზე გამომუშავების საშუალებას იძლევა და შესაბამისად, ელექტრომობილის სვლის სიშორეს ზრდის.

ელექტროენერგიის გამომუშავების ეს ტექნოლოგია იაპონურმა კომპანიამ ექსპერიმენტულ ხომალდ „ენერჯი ობსერვერზე“ გამოიყენა, რომელიც წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე პირველი გემია მსოფლიოში. ეს არის კატამარანის ტიპის კონსტრუქციის გემი, რომლის სიგრძე 30.5 მეტრია, სიგანე 12.8 მეტრი, წყალწყვა კი 28 ტონა.

პროექტში „ტოიოტას“ ევროპული შტო მონაწილეობს. გემი წყალში შარშან, საფრანგეთში ჩაუშვეს. „ენერჯი ობსერვერი“ ექვსწლიან მისიაში მონაწილეობს, რომლის მიზანი, მხოლოდ განახლებადი ენერგიის გამოყენებით, პლანეტის გარშემო მოგზაურობაა. წყალბადის ფიჭური ელემენტების გარდა, გემი ელექტრო ენერგიას მზის ელემენტებით და ქარის ტურბინებითაც გამოიმუშავებს. გარდა ამისა, მას აქვს ცენტრალურ ნაწილში დამაგრებული აფრა, რომელიც ენერგიის დაზოგვაში დაეხმარება.

„ენერჯი ობსერვერი“ ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება, საიდანაც მომავალ წელს გეზს ჩრდლოეთ ევროპისკენ აიღებს. გეგმის შესაბამისად, განახლებად ენერგიაზე მომუშავე გემმა ტოკიოს 2020 წელს უნდა მიაღწიოს, როცა იქ ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ცნობისათვის, „ტოიოტას“ შემუშავებული აქვს წყალბადის ელემენტებზე მომუშავე მოდელი „მირაი“, რომელშიც იგივე ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც „ენერჯი ობსერვერზე“. სხვათა შორის, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი (მცირე)სერიული ავტომობილია, რომელიც ფიჭურ ელემენტებზე მუშაობს. იაპონურმა კომპანიამ „მირაის“ გაყიდვა 2014 წელს, ლოს ანჯელესის შოუზე პრემიერის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ, 5 300 ცალი აქვს გაყიდული. გარდა ამისა, „ტოიოტა“ იმავე ტექნოლოგიას ავტობუსებზე, სატვირთო ავტომობილებსა და ელექტრომტვირთავებზეც კი იყენებს.