დიდი ბრიტანეთი გამოდის მოწოდებით, შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო ზონა ევროკავშირთან, მას შემდეგ, რაც ქვეყანა სრულად დატოვებს ევროკავშირს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელი საგნობრივი დისკუსიის შემდეგ კაბინეტი ერთხმად შეთანხმდა, „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნას. ჩვენი წინადადებაა, შეიქმნას ზონა, რომელიც დაადგენს ერთიან წესებს სამრეწველო საქონლითა და სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობაზე. ეს ხელს შეუწყობს ამ სფეროებში მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას“, - განაცხადა მეიმ და ხაზი გაუსვა, რომ ლონდონი ამ გზით შეძლებს სამუშაო ადგილების დაცვას და მოსახლეობის კეთილდღეობის შენარჩუნებას, ასევე შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს ჩრდილოეთ ირლანდიის წინაშე.
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, წერია, რომ დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს ამიერდან არ ექნებათ იმ ტიპის სავაჭრო ურთიერთობები, როგორიც ჰქონდათ მანამდე.
კოკა კვირკველია