კინოკომპანია Universal-ის მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილმასშტაბიანმა პროდუქტმა Jurassic World: Fallen Kingdom-მა მსოფლიო კინოეკრანებზე გამოსვლიდან 15 დღეში მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და გახდა მიმდინარე წელს მესამე ფილმი, რომელმაც ეს მოახერხა.1,01 მილიარდის შემოსავლით ის მსოფლიო კინოინდუსტრიის არსებობის განმავლობაში რიგით 35-ე ფილმი გახდა, რომელმაც მილიარდიანი ნიშნული გადალახა.
აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი მისი წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად შემოსავლიანი აღმოჩნდა აშშ-ის მასშტაბით, ვინაიდან გამოსვლიდან მე-15 დღეს ამ ფილმს ამერიკაში მხოლოდ 313,867,665 სალარო აქვს, მაშინ როცა ამავე დროის მონაკვეთში 2015 წელს გამოსულ „იურული სამყარო-ს“ 460,533,660-ის სალარო ჰქონდა. თუმცა ამერიკის გარდა, ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობს დანარჩენ მსოფლიოში და მას უკვე აქვს 700 მილიონის შემოსავალი მიღებული.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 2,03 მილიარდით „დისნეის“ „შურისმაძიებლები: უსასრულო ომი-ა“, ხოლო მეორეზე ასევე „დისნეის“ „შავი პანტერა“ 1,3 მილიარდით.
„იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ ეს არის „იურული პარკის“ ფრანჩიზას რიგით მეხუთე ფილმი. პირველი სამი ფილმი „იურული პარკის“ სახელწოდებით 1991, 1997 და 2001 წლებში გამოვიდა, ამის შემდეგ უკვე კომპანიამ ფილმების გამოცემა დაიწყო „იურული სამყაროს“ სახელით 2015 და 2018 წლებში. „დინოზავრებზე“ გადაღებული ამ ჰოლივუდური ფილმების პირველი ორი ნაწილის რეჟისორი სტივენ სპილბერგი იყო, დანარჩენებში კი ის პროდიუსერად გვევლინება.
კოკა კვირკველია