შემოდგომიდან ქუთაისის მერია ცენტრალური ბაღის, ისტორიული ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი პროექტირებაზე, ხოლო გამარჯვებული ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
გრანიტის იატაკი, ფანტანის დეკორატიული იერსახის შეცვლა, ფლორის განახლება და დეკორატიული მცენარეების შემატება, კაფე-ბარის გარესახის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, გარეგანათების სისტემის, ისტორიული ღობის ნაწილის აღდგენა და ადგილზე ბაგრატის ტაძრის მაკეტის განთავსება - ეს იმ ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალია, რასაც ქუთაისის მერია შემოდგომიდან ცენტრალურ ბაღში გეგმავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა, ბაღში შეიცვლება ძელსკამები და ნაგვის ყუთები. პროექტი დაახლოებით მილიონი ლარი ჯდება.