„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების შეყვანა პირველი ნაბიჯია, რასაც შემდგომ მოსახლეობის ზარალის აღწერა და კომპენსირება უნდა მოჰყვეს.როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი საკითხს მხარს დაუჭრენ.
„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმითვის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც სტიქიის ზონაშია, ძალიან დაზიანდა და საფრთხე შეექმნა. ბუნებრივია, პარლამენტში „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს დღეს განსახილველ საკითხს, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ამას შემდგომ უნდა მოჰყვეს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა და ზარალის ანაზღაურება. ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, მოვითხოვთ, რომ მოსახლეობა არა მხოლოდ დაცული იყოს და ტექნიკა იყოს გამოყენებული, არამედ შემდეგ ეტაპზე მოხდეს ზარალის აღწერა და მოხდეს მოსახლეობისთვის, რომელმაც დაკარგა სახლ-კარი და ნაკვეთები, შესაბამის კომპენსაციის გაცემა. ამიტომ ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარსაც დავუჭერთ და მეტსაც მოვითხოვთ მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.