ქართული ქვევრი და ქვევრის ღვინო, რომ უკანასკნელ წლებში მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულად მოდური გახდა - ეს ღვინის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან და ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში არამხოლოდ ქვევრის ღვინოზე, საკუთრივ ჭურჭელზე - ქვევრზეც გაიზარდა მოთხოვნა.საქართველოდან უკვე არაერთმა უცხოელმა მეღვინემ დაიწყო ქვევრების გატანა და დღეს იმერულ ჭურებსა და კახურ ქვევრებს მრავალგან შეხვდებით - სლოვენიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ კანადაში. მექვევრეობა თანდათან უფრო პოპულარული საქმე ხდება და სასიხარულოა, რომ ძირითადად იმერეთში ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა ამ ხელობის სწავლის სურვილი.
თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ საზღვრავენ მომავალს და მიაჩნიათ, რომ მომავალში ქართულ ქვევრზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენი მექვევრეები უბრალოდ ვეღარ აუვლენ მოთხოვნის მიხედვით ქვევრების დამზადებას. სწორედ ამიტომ, დავით მიზანდარმა, საქართველოს ბანკის კრეატიულმა დირექტორმა, ნიკა გუჯეჯიანმა და ფოტოგრაფმა, გიორგი მამასახლისმა იპოვეს ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. ჰოლანდიაში მიაკვლიეს კერამიკოსს, რომელსაც დოქტორანტურა აქვს დაცული 3D პრინტერების შექმნაზე და მასთან თანამშრომლობითა და ჯიტას მხარდაჭერით, 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.
როგორც ამ იდეისა და წამოწყების ავტორები მიიჩნევენ, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქვევრი იქნება მექვევრის მიერ დამზადებულ ქვევრზე უფრო მეტად გამძლე, მოცულობითი, ხარისხიანი და სწრაფად დამზადებადი. ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი სწორედ დროზე, ანუ შეკვეთიდან ჭურჭლის მალე დამზადებაზეა გაკეთებული.
ნიკა გუჯეჯიანი, დავით მიზანდარი და გიორგი მამასახლისი სანამ ამ წამოწყებას აცნობდნენ საზოგადოებას, ჯერ იმერეთში ჩავიდნენ სადაც ერთ-ერთ მექვევრეს გაესაუბრნენ, რომელმაც უთხრა, რომ მათთვის შეკვეთილ ქვევრს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაამზადებდა, რადგან ბევრი კლიენტი ყავდა და ამას გარდა, თიხის შერჩევას, ქვევრის ამოყვანას, მის გამოწვას და საბოლოო სახის მიცემას დიდი დრო სჭირდება. 3D პრინტერის საშუალებით კი ქვევრი რამდენიმე საათში იბეჭდება. 1 კვირიანი გაშრობის შემდეგ, საჭიროა 24 სთ-იანი გამოწვის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით – პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. შედეგად, ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია.
ამ წამოწყებას კრიტიკულად უკვე არაერთი ქართველი მეღვინე უყურებს. ეს ადამიანები ღვინოს ტრადიციული წესით დამზადებულ ქვევრებში დიდი ხნაია აყენებენ და ამ ჭურჭელს კარგად იცნობენ. ჩვენთან საუბარში თითქმის ყველა მეღვინე ამბობს, რომ პრინტერზე დამზადებული ქვევრი თუნდაც იმიტომ ვერ იქნება შესაბამისი, რომ ხელით დამზადებული ქვევრი სუნთქავს, ანუ ღვინის განვითარებისთვის სწორედ ასეთ ქვვერში არის კარგი პირობები. გარდა ამისა, ქვევრს არ სჭირდება სპეციალური გასაგრილებელი სისტემების შექმნა, რამდენადაც მიწაშია ჩამარხული და ერთგვარი ავტოგამაგრილებელი სისტემა აქვს მიწიდან მომავალი სიგრილის თვალსაზრისით. ჩვეულებრივი ქვევრი პრინტერით დამზადებულ ქვევრს და მუხის კასრს იმით ჯობია, რომ მას უშუალო შეხება აქვს ადამიანთან, მიწასთან, ბუნებასთან და ეს ყველაფერი ღვინოზე აუცილებლად აისახება. იხილეთ სრულად