სამართლებრივი ტექ-ტანკის დამფუძნებელი და ევროკავშირის ბლოკჩეინის პროგრამის ექსპერტი ლევან ბოძაშვილი ინიციატივით გამოდის, საპრეზიდენტო არჩევნები ერთ უბანზე, სატესტო რეჟიმში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდეს.როგორც ბოძაშვილმა ტექნოპარკში გამართულ ციფრული ეკონომიკის ასოციაციის კონფერენციაზე განაცხადა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნები საშუალებას იძლევა თითოეული ხმა იყოს დაცული, ხმის მიცემა განხორციელდეს უბანზე მიუსვლელად, სახლიდან ან სმარტფონიდან და ხმის დათვლა მოხდეს საარჩევნო უბნის დახურვიდან რამდენიმე წუთში.
„ერთ საარჩევნო ოლქსა თუ უბანზე პარალელურ სატესტო რეჟიმში არჩევნების ბლოკჩეინით ჩატარება შესაძლებელია. ეს საშუალებას მისცემს მაქსიმალური რაოდენობის რეგისტრირებულ ამომრჩეველს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მოახდენს გაყალბებისა და ამომრჩეველზე არასასურველი ზემოქმედების პრევენციას და ზოგადად აამაღლებს არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს. ამავე დროს, ეს ტექნოლოგია მინიმუმ 90%-ით ამცირებს საარჩევნო ხარჯებს. თუ მაგალითად, ამ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გამოყოფილია 39 მილიონი ლარი, ბლოკჩეინის შემთხვევაში ეს პროცესი 95%-ით იაფი დაჯდება, ხოლო სამომავლოდ პრაქტიკულად უფასო.
ამავე დროს, ტექნოლოგია საშუალებას მისცემს ემიგრანტ მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მიუსვლელად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რაც ფიზიკური არჩევნების პირობებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის უმეტესწილად დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - განუცხადა ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
ბოძაშვილის აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც რჩება საქართველო დღემდე ჰიბრიდული (არასრული) დემოკრატიის ქვეყნად, არის სწორედ ის, რომ საარჩევნო პერიოდამდე წარმართული კამპანია შეესაბამება სტანდარტებს, ხოლო ხმის დათვლის, არჩევნების დღისა და შემდგომი პროცესები ბადებს ბევრ კითხვას გამჭვირვალობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ბლოკჩეინს შეუძლია ეს კითხვები მოხსნას.
„აქ არ იგულისხმება ამ სახით ჩატარებული არჩევნების შედეგების სავალდებულო აღიარება ამ კონკრეტული არჩევნებისათვის, თუმცა ესეც შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, არამედ მისი ფორმალური და ფიზიკური განხორციელება სატესტო რეჟიმში სამომავლო არჩევნებისათვის პოტენციურად გამოსაყენებლად. ამავე დროს, ასეთი სახით, თუნდაც სატესტო რეჟიმში ჩატარებული არჩევნები ძალიან აამაღლებს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციებისადმი მნიშვნელოვანი ინტერესისა და ნებელობის მქონე ქვეყნის იმიჯს. ტექნოლოგია ასევე ითვალისწინებს საარჩევნო დღის განმავლობაში წარმოშობილი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის საშუალებასაც და პოტენციური დავების უმოკლეს დროში გადაწყვეტას“, - აღნიშნა ბოძაშვილმა.