საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან ბოლო პერიოდში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზრდება.
საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებით გაუმარტივებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას.