დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ დღეს ქუთაისში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის თაობაზე ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება.
"კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, რათა უფრო დეტალურად გავიგოთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ და მოხდეს აქტიური თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა შეღავათიანი დაბეგვრის ახალი წესი, რომელიც უპრეცედენტოდ დაბალ საგადასახადო პროცენტს აწესებს. ცვლილება დაახლოებით 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. პირველ კვირას ჩვენ გვინდა პრაქტიკულად გავაანალიზოთ, შევხედოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ასეთი სახის შეხვედრებს, რათა უკეთ ვიცნობდეთ ბიზნესის პრობლემატიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.