ინვესტორთა მთავარი პრობლემა კვლავ სავაჭრო ომია

მსოფლიო ბაზრებზე მოვლენათა განვითარება, ამ კვირაშიც მეტწილად შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სატარიფო შეხლა-შემოხლაზე იქნება დამოკიდებული.შეიძლება ითქვას, რომ მხარეებმა ტარიფების ზრდის (სავაჭრო ომის) პირველი ეტაპი „წარმტაებით“ განახორციელეს და ახლა მომდევნო ნაბიჯების ჯერია.

შეერთებულმა შტატებმა პარასკევიდან 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე გაზრდლი ტარიფები დააწესა. ამაზე ჩინეთმა ადეკვატური პასუხი დაუყოვნებლივ გასცა და პარასკევსვე, ამერიკული პროდუქციის განბაჟება ახალი, გაზრდილი ტარიფებით დაიწყო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები ორ კვირაში ჩინეთიდან იმპორტირებულ კიდევ 16 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე გაიზრდება. ჩინეთი ამისთვისაც მზადაა. თუმცა ტრამპი ამბობს, რომ სულ 500 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე გაზრდის ტარიფებს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ამერიკაში ექსპორტირებული აბსოლუტურად ყველა პროდუქტი მაღალი ტარიფით დაიბეგრება.

ჩინური მედია წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ხულიგნების ბანდის“ მსგავსად იქცევა. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკის პრეზიდენტის სიმკაცრეს თავისი საფუძველი აქვს. კერძოდ, ორ ქეყანას შორის სავაჭრო საკითხებზე რამდენიმერაუნდიან მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. მათი მიზანი, ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან, უცხოური სამრეწველო და სხვა ტიპის კომპანიების მიმართ დაწესებული უსამართლო შეზღუდვების მოხსნა და ჩინური კომპანიების მხრიდან უცხოური კომპანიების ტექნოლოგიების უკანონოდ მოპოვების აღკვეთა იყო.

ამერიკული კომპანიების შეზღუდვების გამო, ამერიკას ჩინეთთან ვაჭრობაში უზარმაზარი, 375 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი უგროვდება. ტრამპის მიზანს სწორედ სამართლიანი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს.

პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტი ამ კვირაში ევროპას ეწვევა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება. ტრამპი რიგ ევროპულ ქვეყნებს საყვედურობს, რომ ისინი თავდაცვაზე ძალიან მცირე თანხებს ხარჯავენ და მათ ამ ხარჯების ზრდისკენ მოუწოდებს. სამიტის კულუარებში, მას ევროპელ ლიდერებთან სავაჭრო საკითხებზეც მოუწევს მსჯელობა.

ნატო-ს სამიტის შემდეგ, ტრამპი ბრიტანეთს ეწვევა, სადაც პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და დედოფალ ელიზაბეთს შეხვდება.

ამავე კვირაში, უოლ სტრიტზე უდიდესი ამერიკული კომპანიები, მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას იწყებენ. ამას ერთ-ერთი პირველები საბანკო გაერთიანებები - „JPმორგან ჩეიზი“, „სიტიგრუპი“ და „წელს ფარგო“ გააკეთებენ. როიტერსის კვლევა პროგნოზირებს, რომ შემოსავლები 20.7 პროცენტით გაიზრდება. ეს პირველი კვარტლის ზრდაზე (26.6 პროცენტი) ნაკლებია.

ამერიკაშივე გამოქვეყნდება (ხუთშაბათს) ინფლაციის ივნისის მაჩვენებლები. ანალიტიკოსთა პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების ზრდა 2.0 პროცენტს მიაღწევს, ძირეული ინფლაციის მაჩვენებელი კი წინა თვისაზე 0.2 პროცენტით მეტი იქნება. იმავე ვარაუდებით, წლიური გადაანგარიშებით, ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტს მიაღწევს (მაისში 2.2 პროცენტი იყო). ამ პოროგნოზის გამართლება, ამერიკული დოლარის კურსისთვის ბიძგის მიმცემი იქნება და მის ზრდას განაპირობებს.