ზაფხული ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს, ცხოვრების დამღლელ რიტმს გაექცეს. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი - სად გავატაროთ შვებულების დღეები?
AMBEBI.GE დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა წელს, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა ერთი კვირით საქართველოს რომელიმე კორურტზე 500 ლარად დაისვენოს.
როგორც ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ია თაბაგარმა აღნიშნა, ამ ფასად შესაძლებელია დასვენება, თუმცა, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროებია განთავსებული.
ამ მხრივ კი არჩევანი საკმაოდ დიდია, როგორც მთაში, ისე ზღვაზე. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი დღე-ღამეში 20-50 ლარამდე მერყეობს და ხშირად, საუზმესაც ითვალისწინებს.
"500 ლარად ერთი კვირით დასვენება ნამდვილად შესაძლებელია, როგორც სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ისე შავი ზღვის სანაპიროზე, ოღონდ თუ სასტუმროს ზღვიდან ცოტა მოშორებულ ტერიტორიაზე მოძებნით. ასე რომ, დაახლოებით 500 ლარად ადამიანი დასვენებას ძალიან ბევრ ადგილას შეძლებს საქართველოში", - უთხრა AMBEBI.GE-ს თაბაგარმა. მისივე თქმით, წელს კურორტებზე ფასების ზრდა არ შეიმჩნევა და შარშენდელის ანალოგიურია.
"ჩვენი დაკვირვებით, სასტუმროებში ფასები არ გაძვირებულა. უმეტეს ადგილებში იგივეა, რაც შარშან იყო. ახლა აჭარის სეზონის ბუმია, როგორც წესი, სეზონის დასაწყისში არის მაღალი ფასები და მერე რეგულირდება. თუმცა, 500 ლარად ბათუმში და კვარიათში დასვენება შეუძლებელია - იქ სასტუმროები ძვირია. მაგრამ გონიოს ზედა მხარეს შეიძლება, რაღაც გამოიძებნოს.