ქვეყანაში ახალი შენობების ნახევარზე მეტი არაეკოლოგიურია, რაც არა მარტო იქ მცხოვრებთა, არამედ სხვების ჯანმრთელობაზეც მოქმედებს.მსგავსი შენობა-ნაგებობების მომრავლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმ სტრუქტურის არარსებობაა, რომელმაც ჯერ ნიადაგი უნდა შეისწავლოს. სადაც მშენებლობას ეყრება საფუძველი, შემდეგ კი - საშენი მასალა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შემოწმება ქვეყანაში არ ხდება, კორპუსებისა თუ სხვა შენობა-ნაგებობების აშენება მხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება არაეკოლოგიური შენობების მიზეზით დაღუპულთა რიცხვს, მსოფლიო მასშტაბით 65-70%-ია.
აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე „ბიზნეს-რეზონანსთან" დედაქალაქში არსებული ისეთი შენობების შესახებ საუბრობს, სადაც ცხოვრება სარისკოა. ასეთი ნაგებობები თბილისში დაახლოებით 60-70%ია. მათი მშენებლობისას გამოყენებულია გაურკვეველი სახის ბლოკებ, ასევე, დარღვეულია სხვა ნორმები, შემოწმება კი არ ხდება. ბარამიძის აზრით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახური, რომელიც შეამოწმებს საშენი მასალების ვარგისიანობას.
„შენობის ეკოლოგიურობა საშენ მასალაზეა დამოკიდებული, ჩვენში კი გაუგებარი წარმომავლობის ბლოკებით აშენებენ კორპუსებს. ყველა, ვისაც შესაძლებლობა აქვს, იწყებს კორპუსის მშენებლობას. არც გამოცდილება აქვთ, არც სერტიფიკატი, რას და როგორ აშენებენ, თავადაც არ იციან. ამბობენ, რომ არის პენზაბლოკი, არადა, ჩვეულებრივი ბეტონია, რითაც მიმდინარეობს მთელი პროცესი.
უკრაინიდან შემოტანილ არმატურაზე დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუკი იგი მართლაც რადიაციულია, ასეთ შენობებში ადამიანების ცხოვრება დიდი ხიფათის შემცველია. უნდა არსებობდეს ქვეყანაში სპეციალური სამსახური, რომელიც შეამოწმებს საშენ მასალებს, რამდენად ვარგისიანია იგი", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ბარამიძემ.
სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზია ის არაეკოლოგიური შენობები, რომლებიც საქართველოს დიდ ქალაქებში მრავლადაა. მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძის თქმით, საშენი მასალა საზღვარზე არ მოწმდება, არც კომპანიებს ამოწმებს ვინმე, რაც სავალალო შედეგს იძლევა.
ეკოლოგიური ნორმები მშენებლობის ჩანასახშიც კი არ არსებობს. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს იმ ნიადაგის შესწავლა, სადაც შენობა უნდა აშენდეს, შემდეგ კი იმ მასალის გამოკვლევა, რითაც აშენებენ, არაეკოლოგიური საშენი მასალა ზიანს აყენებს როგორც კონკრეტული შენობის მცხოვრებლებს, ასევე სხვებსაც.
მართალია, ყველა შენობა ასეთი არ არის, მაგრამ თითქმის ყველა აბსოლუტურად უკონტროლოდაა აგებული. სამშენებლო პროცესი გამრათული რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, თითოეული საშენი მასალის ძირეული შესწავლა უნდა ხდებოდეს, უვარგისი მასალის მიღება კი სამშენებლო პროცესში დაუშვებელი უნდა იყოს. მისი შემოწმება არც საბაჟოზე და არც სავაჭრო ობიექტებში არ ხდება. როდესაც აშენდება და მოპირკეთდება შენობა, ასევე, აუცილებელია მისი ეკოლოგიური ნორმების დადგენა. ეს ყველაფერი მოშლილია ქვეყანაში, არ მუშაობენ ამ მიმართულებით და არ ამოწმებენ.
ასეთი უყურადღებობაა ზუსტად იმ დაავადებების გამოწმვევი მიზეზი, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვყანაში, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელდა. წელიწადში 10 000 ადამიანი სხვადასხვა სახის სიმსივნით ავადდება, ამას ემატება გამწვავებული ალერგია და სხვა არაეკოლოგიურ შენობებში ცხოვრების გამოისობით მსოფლიო მასშტაბით ადამიანების 65-ია გარდაცვლილი, რაც ნამდვილად საგანგაშო მაჩვებელია", - განაცხადა საკანდელიძემ.
არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ ყველა შენობა ერთნაირად უვარგისი არ არის, ზოგიერთი მათგანი აკმაყოფილებს სტანდარტს, ზოგი კი - ვერა. „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მაღალი სტანდარტის შენობები თითქმის არ შენდება. კომფორტისა და ეკოლოგიურობის ერთ-ერთი მაჩვენებელია ინსოლაცია, ანუ გამზეურება.
„არ შეიძლება, ერთ ჩარჩოში მოვაქციოთ ყველა მშენებლობა. ზოგიერთი პასუხობს დადგენილ სტანდარტებს, ზოგი – ვერა. რომ გითხრათ, მაღალი სტანდარტის შენობები შენდება ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად არ იქნება სწორი. ეს სტანდარტებიც ჯერ ბოლომდე არ არის ჩვენი კანონმდებლობით დადგენილი.
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, აქაც კონკრეტიკაა საჭირო და გაძნელდება ერთიანად ყველა შენობის ვარგისიანობაზე საუბარი. ეს ჰგავს დაახლოებით საავადმყოფოში პაციენტების საშუალო ტემპერატურა რომ დავადგინოთ და ამის მიხედვით ყველას ერთი წამალი დავუნიშნოთ.
კომფორტისა და ეკოლოგიის ერთ-ერთი მაჩვენებელია ინსოლაცია, ანუ გამზეურება. ეს კონტროლი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, წინა ხელისუფლების პერიოდში გაუქმდა. ამან გამოიწვია ცუდი შედეგები, თუმცა მიდის მსჯელობა, რომ აღდგეს სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტი და სტანდარტები ასე რომ, ეს მიანც მომავლის საქმეა", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" ვარდოსანიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი „რეზონანსი"