პრობლემურმა მსესხებლებმა შესაძლოა, საგრანტო პროექტებში მონაწილეობა შეძლონ

პრობლემურ მსესხებლებს შესაძლოა, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ.აღნიშნულს, გულისხმობს ინიციატივა, რაზეც განათლებისა და განვითარების ცენტრი მუშაობს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრე ადამაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და ეროვნულ ბანკთან აქვთ კონსულტაციები.

„ე.წ. პრობლემური მსესხებლები, საგრანტო პროგრამებში ვერ მონაწილეობენ და ფაქტობრივად, ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. ამიტომ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნულ ბანკთან გავდივართ ამ საკითხს, რომ მოხდეს მსგავსი ბენეფიციარების საგრანტო პროგრამებში ჩართვა.

გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემური მსესხებლების შემთხვევაში თანხებზე არის შეზღუდვა, შესაძლოა, დაზგა-დანადგარების და სხვა აგრეგატების მიწოდების მხრივ მოხდეს მათი საგრანტო პროექტებში მონაწილეობა. ასე ამ პირებს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდებათ და გარკვეულწილად, ჭარბვალიანობის შემცირებასაც შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა ადამაშვილმა.