ბანკ „JP მორგან ჩეიზის“ ანალიტიკოსები იმ ვალუტებს გვახსენებენ, რომელთა შეძენაც გლობალური რეცესიის, ან შეერთებული შტატების ეკონომიკის კლების შემთხვევაში არის სასურველი.
ეს ვალუტებია შვეიცარიული ფრანკი, ამერიკული და სინგაპურის დოლარი და რა თქმა უნდა, იაპონური იენი.
იმავდროულად, ისინი გვირჩევენ, რომ კრიზისების დროს არ ღირს განვითარებად ქვეყნების ვალუტების დატოვება, რადგან ისინი ნებისმიერ რყევას გაუფასურების ტალღით პასუხობენ და ამით მათი ფლობელები ზარალდებიან.
რისკების ჰეჯირებისთვის საუკეთესო თავშესაფრად იაპონური იენი რჩება, რომელიც იაფიცაა და მასზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ქერი ტრეიდერებს (ვალუტების საპროცენტო განკვეთებს შორის სხვაობაზე მოთამაშე ინვესტორებს) იზიდავს.
ნაკლები მოთხოვნაა სინგაპურის დოლარზე, სამაგიეროდ მისი ამერიკელი სეხნია კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მოთხოვნადია. ეს არის მსოფლიო ვალუტა, რომლის პრობლემურ სიტუაციებში ყიდვასაც, ბანკები და მსხვილი საინვესტიციო კომპანიები ამჯობინებენ.
რაც შეეხება განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს, „JPმორგან ჩეიზის“ ანალიტიკოსებს დაანგარიშებული აქვთ, რომ რეცესიის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მათ საშუალოდ ფასის 17 პროცენტი ეკარგებათ.