მზიურის პარკში მედიათეკისა და საგამოფენო სივრცის მოწყობა იგეგმება.აღნიშნული კულტურული სივრცის მოწყობის პროექტი, ვასო მაჭარაძეს, ანუკა ლომიძეს, კოკა ვაშაკიძესა და ანა გოგუაძეს ეკუთვნით.
„ამ შენობას, წლების წინ, თბილისის ერთი უბანი - მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, შენობამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. დაკვირვებული თვალი მის განსაკუთრებულ არქიტექტურას ადვილად შეამჩნევს.
ჩვენი იდეაა, ამ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი, დამაკავშირებელი ფუნქცია დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს: ნაგებობის ზედა ნაწილში კულტურისა და ხელოვნების მიმართულების მედიათეკის მოწყობას; კონცეპტუალური სამუშაო გარემოს შექმნას არტისტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის; შენობის მიწისქვეშა სივრცის თანამედროვე და მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად მოწყობა, რომელიც ღია იქნება სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას. მზად ვართ ნებისმიერი სახის კომუნიკაციისათვის,“-აღნიშნულია „ახალი მზიურის“ გუნდის განცხადებაში.