ოპოზიციის მხრიდან დაყენებული საკითხები აბსოლუტურად არაკომპეტენტურია,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ტყემალაძე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც გენერალური გეგმის დამტკიცების პარალელურად უნდა აიკრძალოს კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა.
"სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არის მცდელობა, რომ ნეგატიურ პროცესში გადაიყვანონ გენერალური გეგმის განხილვა და ზოგადად დოკუმენტი. მათი მხრიდან დაყენებული საკითხები აბსოლუტურად არაკომპეტენტურია. რაც შეეხება მერის უფლებამოსილების შეზღუდვას K2 კოეფიციენტის გადაჭარბების შესახებ, ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიის მხრიდან იქნება განაშენიანების რეგულირების ახალი წესების ახალი პროექტი იქნება ინიცირებული იქამდე, ვიდრე გენერალური გეგმა შევა ძალაში. ანუ გენერალურ გეგმასთან აღნიშნული საკითხი არაფერ კავშირში არ არის,"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გენერალური გეგმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ტყემალაძემ აღნიშნა, რომ აგვისტოს ბოლოს დოკუმენტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე დაიწყება, 1 იანვრიდან კი გენგეგმა ამოქმედდება.
"უახლოესი 1 თვის განმავლობაში განხორციელდება როგორც კომისიური, ასევე საზოგადოებრივი განხილვები. დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ეს დოკუმენტი უკვე საკრებულოს სხდომაზე იქნება განხილული. შესაბამისად, ვფირობთ, რომ 1 იანვრიდან გენერალური გეგმა სრულფასოვნად იქნება ამოქმედებული,"- განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ მერსა და თბილისის მთავრობას არ უნდა ჰქონდეს კოეფიციენტების გაზრდისა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემის უფლება.
„ეს ნიშნავს, რომ ქალაქს ბენზინი გადავასხათ და ასანთი მივცეთ ბავშვებს“, - განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, თბილისში ქაოსურ მშენებლობას არაფერი ეშველება თუ გენგეგმის მიღების პარალელურად არ აიკრძალა კოეფიციენტების გაყიდვის და გარკვეული ზონალური შეთანხმებების გაცემა.