ევროპული სტანდარტის ოლიმპიური აუზი, გოლფის მოედნები, საცხენოსნო, ჩოგბურთის კორტები და ყველა სხვა პირობა სრულყოფილი რელაქსაციისთვის - სწორედ ასეთი გარემო დახვდება დამსვენებელს სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ და თანაც, დედაქალაქიდან სულ რაღაც ერთი საათის გზაზე.
სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ თბილისიდან 75 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. სულ ახლახანს კი „ამბასადორი კაჭრეთში“ განსხვავებული კონცეფციის ახალი კორპუსი გაიხსნა, სადაც თანამედროვე დიზაინის 106 ნომერი განთავსდა. როგორც სასტუმროების ქსელის „ამბასადორის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი თეა ლეშკაშელი აცხადებს, სასტუმროს გაფართოებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. შედეგად, სასტუმროს 182 ნომერსა და ერთ 12-კაციან ვილაში ერთდროულად უკვე 450 სტუმრის მიღება შეუძლია.
თეა ლეშკაშელის თქმით, სასტუმროს გაფართოების აუცილებლობა გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია. „ამჯერად სასტუმროს აქვს ორი კორპუსი, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინისა და კონცეფციისაა. ახალ კორპუსში ყველა ნომერს აქვს აივანი, რომელიც აუზებსა და მთებს გადაჰყურებს“, - განაცხადა ლეშკაშელმა.
გაფართოვების პარალელურად სასტუმროს ტერიტორიაზე აშენდა ევროპული ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი, აშენდა 6 ადგილიანი ვილები, შედეგად კი „ამბასადორი კაჭრეთი“ რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გახდა.
„ამ დროისთვის „ამბასადორი კაჭრეთი“ 182 კლასიკური სტილის ნომრისგან შედგება. ახალ კორპუსში განთავსებულია სტანდარტული ტიპის ოთახები, მეოთხე სართულზე გვაქვს სხვადასხვა ტიპის ლუქსის ტიპის ნომრები და ასევე, საპრეზიდენტო ნომერი ფართე ტერასებით“, - განაცხადა ლეშკაშელმა.
კითხვაზე, თუ რა გამოარჩევს „ამბასადორ კაჭრეთს“ რეგიონში მდებარე სასტუმროებისგან, სასტუმროს ბიზნეს-განვითარების დირექტორი ასე პასუხობს: „გამორჩეულები ვართ იმით, რომ ,,ამბასადორი კაჭრეთი“ თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმროა, სასტუმროს ტერიტორიაზეა გოლფის 2 მოედანი, ერთი პროფესიონალური, მეორე მოყვარულებისთვის. გვაქვს რეგიონში ყველაზე დიდი 800 კაციანი საბანკეტო დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, საცხენოსნო კლუბი და პროფესიონალური სასროლეთი.
გვაქვს საკონფერენციო დარბაზები. ჩვენთან ხშირად ტარდება ბიზნეს თუ სამთავრობო კონფერენციები. ჩამოდის ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი. ფაქტობრივად, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა სეგმენტი და ყველა დავაკმაყოფილოთ, ეს იქნება საქმიანი ვიზიტი თუ ჩვეულებრივი ტურისტი. ბოლო წლებია კი ტურისტების ზრდა ყველა სეგმენტში შეიმჩნევა - ეს იქნება კონფერენცია თუ ინდივიდუალური ტურიზმი“, - განაცხადა ლეშკაშელმა.
მისივე თქმით, ახალი შენობისა და ნომრების გასაცნობად სასტუმროს ადმინისტრაციამ მომხმარებლებისთვის სპეციალური აქციის შეთავაზებაც გადაწყვიტა. აქციის ფარგლებში ახალ შენობაში ერთი ადამიანის ღირებულება კვირის დღეებში $55 იქნება, შაბათ-კვირას კი $75. ეს აქცია ზაფხულის პერიოდზე გავრცელდება.
„ამბასადორი კაჭრეთის“ გაფართოება რეგიონის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რამდენადაც სასტუმროში დასაქმებულების უმრავლესობა სწორედ ადგილობრივია. თეა ლეშკაშელის თქმით, სასტუმროში სულ 210 ადამიანია დასაქმებული, აქედან 200 ადგილობრივია. „ჩვენ მათ ვატრეინიგებთ და ვასწავლით, რაც მათ კვალიფიკაციას ამაღლებს,“ – განაცხადა ლეშკაშელმა.
რაც შეეხება გეგმებს, თეა ლეშკაშელის თქმით, ახლო მომავალში სასტუმროს ტერიტორიაზე აშენდება 6 ადგილიანი ახალი ვილები, ბაღები და საბავშვო მოედნები. სასტუმროს ბიზნესის განვითარების დირექტორის თქმით, სასტუმროს სხვადასხვა სერვისი დაემატება, რაც დამსვენებელს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.
(R)