„ლეო გრანდის“ მენეჯერი - სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია

სახანძრო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია,- ამის შესახებ ბათუმში, სასტუმრო „ველმონდის“, ყოფილი „ლეო გრანდის“ მენეჯერმა ალპერ პინარმა ჟურნალისტებს განუცხადა.სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ჰქონდათ შეთანხმება, რომ წლის ბოლომდე ყველა შენიშვნა აღმოიფხვრებოდა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს წარმომადგენლებმა დღეს ჟურნალისტებს შენობის ის ნაწილი დაათვალიერებინეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

"სახანძრო სამსახური ყოველთვის მოდის და ამოწმებს სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ჩვენ გვქონდა 44 პუნქტი გაწერილი, რომლის დიდი ნაწილი შესრულებულია. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო და ვასრულებთ ამ პრობლემას", - განაცხადა ალპერ პინარმა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდს“, სადაც რამდენიმე თვის წინ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, საქმიანობის უფლება შეუჩერდა. სასტუმროს შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა.